
თავდაცვის მინისტრი „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას "ჯარის დისკრედიტაციის მცდელობას" უწოდებს
04/12/2023 12:04:31 თავდაცვა
თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ჯარისკაცების უხარისხო კვების თაობაზე „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას "ჯარის დისკრედიტაციის მცდელობას" უწოდებს. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრეს–კონფერენციაზე ისაუბრა.
"ინფორმაცია, რომ თურმე ჯარში შედის უხარისხო კვება, არის აბსოლუტურად აცდენილი რეალობას და არის ეს ჯარის დისკრედიტაციის მცდელობა. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ 4 სხვადასხვა მექანიზმი შევქმენით ხარისხის კონტროლის, ზუსტად იმიტომ, რომ ჩვენმა ჯარმა მიიღოს საუკეთესო პროდუქტი. ასევე რადიკალურად არსებითად გავაუმჯობესეთ საკვები პროდუქტის ხარისხი, რაც ხაზგასმით და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არასდროს დაახლოებული ხარისხის პროდუქტი არ ყოფილა ჩვენს ჯარში. ბოლო წლებია, ჯარში შედის პეპსი-კოლა, შედის ქართული გაუყინავი ხორცი, რძის პროდუქტების ისეთი მომწოდებლის ყველი, რომელიც ასევე აწვდიდა ყველაზე ძვირფას (მე არ მინდა, ბრენდები დავასახელო), სუპერმარკეტს საქართველოში. ეს არის რეალობა. ჯარში დღეს შემოდინება გვაქვს ისეთ ნიშნულზე, რაც არ ყოფილა ბევრი წლის განმავლობაში. ეს არის კონკრეტული პასუხი დისკრედიტაციაზე, რასაც ეწევიან ჩვენი ოპოზიციური არხები. ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, არ მოვითმენთ და ყოველთვის ვეცდებით ვამხილოთ ადამიანები, რომლებიც ეწევიან სახელმწიფოს დისკრედიტაციას“,- განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, „მთელი ჯარი არის ძალიან კმაყოფილი იმ კვებით, იმ უნიფორმით, განახლებული ინფრასტრუქტურით, რომელიც ბოლო 4 წლის განმავლობაში გააკეთეს“.
„სიუჟეტშიც მოყვანილი სხვა ფაქტებიც აბსოლუტურად განსხვავებულია რეალობისგან. ზოგადად, ჯარის კვება იმდენად სენსიტიური თემაა, რომ 4 ქვედანაყოფი - გენერალური ინსპექცია, სამხედრო პოლიცია, ჩვენი კვების კომპანიის ზედამხედველობის დეპარტამენტი და ასევე, ის დეპარტამენტი, რომელიც ჩვენ შევქმენით, ამ 4 მექანიზმით კონტროლდება ჩვენი კვება. წარმოიდგინეთ, რომელიმე ქვედანაყოფში ულუფა რომ მოხვედრილიყო გაფუჭებული, ამაზე, პირველ რიგში, რეაგირებას თვითონ ჯარი გააკეთებდა და ამას დამატებით, ჩვენ თავად ჯარიც ჩავრთეთ ამ პროცესში, რომ კიდევ ერთ მექანიზმი შეგვექმნა ამისთვის. ამის იქით არ არსებობს რაიმე მექანიზმი, რომელიც შეგვეძლო მოგვეფიქრებინა ხარიხის კონტროლისთვის“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
მისივე თქმით, „ტვ პირველის“ ეთერში გასული ინფორმაცია, რომლის მიხედვით, ქართულ ჯარს უხარისხო ფორმები მიეწოდება, „რადიკალური სიცრუეა“.
"ნებისმიერი მობრძანდით, აიღეთ ჩვენი სპორტული და ნახეთ, თუ რომელიმე ძვირფასი ბრენდის ხარისხს ჩამოუვარდება. რაც შეეხება ბათინკს, აქაც მოხდა პარადოქსი. ჩვენ ბატონი პრემიერის მინისტრობის დროს, ჯარში 2 საუკეთესო ბრენდის ბათინკი შემოვიტანეთ. ჩვენმა ოპოზიციამ, არ ვიცი, სავარაუდოდ, მტრულმა ძალებმა ამ კომპანიას წერილი მიწერეს - მაქვს ეს წერილი. მიწერეს, რომ თავდაცვის სამინისტროს რასაც აწვდით, ნამდვილად ორიგინალია თუ არა ეს ბათინკიო. კომპანია დაგვიკავშირდა. ასეთი რამე არც ერთი ქვეყნიდან არ გვინახავსო. ეს რა არის თუ არა საკუთარი ქვეყნის დისკრედიტაცია? კომპანიას ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი დაეკარგა. წარმოიდგინეთ, რამდენად უსაზღვროა ანტისახელმწიფოებრივი ძალების ქმედება“,- განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
გარდა ამისა, მან სახელმწიფო სამკერვალო „დელტა ტექსტილზეც“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი კომერციული მიზნებისთვის გამოყენებაში „სამართლებრივი პრობლემა“ არ არის და მასზე მოთხოვნიდან გამომდინარე, „ონლაინ მაღაზიის“ გაკეთებაც შეიძლება:
„ზოგადად სამართლებრივად ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა. სსიპ-ის დაფუძნებულ შპს-ია. ჩვენ ასევე დრონების საწარმოც დავაფუძნეთ, ასევე სსიპ-ის დაფუძნებული შპს-ია. აქაც ვფიქრობთ, ჩვენ ერთობლივი საწარმოს ფარგლებში, ჩვენი პარტნიორებიც ფიქრობენ, რომ კომერციული მიზნებისთვის გაიტანონ და ამაში სამართლებრივად არანაირი პრობლემა არ არის - ეს ერთი. აქ, ჩვენს ბაზარზე გაცილებით დიდი ბაზარი შეიძლება, ვთქვათ, აითვისოს ჩვენმა კომპანიამ. მეორე, რაც შეეხება „დელტა ტექსტილს“, აქ იმხელა მოთხოვნაა საზოგადოებისგან, თუნდაც ჯარისკაცების ახლობლებისგან და იმდენად მოსწონს ყველას ეს ხარისხი, ჩვენი წარმოებულის, რომ „ონლაინ“ მაღაზიის გაკეთებასაც ვფიქრობთ. ზოგადად, პოპულარიზაციისთვისაც ცუდი არ იქნება, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს ეცმევათ სპორტულები, რომლებსაც თავდაცვის სამინისტრო ან თავდაცვის ძალები ეწერება“.