Accentnews.ge
როგორ დაამარცხა საკუთარი სამხედრო ფლოტის არმქონე უკრაინამ რუსეთი ზღვაზე

როგორ დაამარცხა საკუთარი სამხედრო ფლოტის არმქონე უკრაინამ რუსეთი ზღვაზე

04/12/2023 14:25:39 ანალიზი

ბოლო ორი კვირაა, მსოფლიო მედია აჭრელებულია პუბლიკაციებით იმის შესახებ, რომ უკრაინაში მიმდინარე საომარი დაპირისპირება "ჩიხში შევიდა", რომ უკრაინის კონტრშეტევამ სასურველი შედეგი ვერ მოიტანა და რომ ბრძოლის ველზე გარდატეხას ვერც უკრაინული შეიარაღებული ძალები აღწევენ, ვერც რუსეთი. ამ ფონზე თითქოს შეუმჩნეველი დარჩა მასშტაბური გამარჯვება, რომელსაც საკუთარი სამხედრო ფლოტის არმქონე უკრაინამ შავ ზღვაზე მიაღწია.

"პრაქტიკულად შეუმჩნეველი დარჩა უკრაინის შეიარაღებული ძალების ბოლო ნახევარი წლის მთავარი მიღწევა - შავ ზღვაში რუსული ფლოტის მასშტაბური მარცხი. არადა, ეს უმნიშვნელოვანესი მიღწევაა. საკუთარი სამხედრო ფლოტის არმქონე უკრაინელებმა მოახერხეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შეკავება და ხორბლით კომერციული ვაჭრობისთვის დერეფნის გახსნა" - წერს გამოცემა Telegraph-ის პოდკასტის ახალ გამოშვებაში იელის უნივერსიტეტის ისტორიკოსი ტიმოტი სნაიდერი.

იმ შეფასებას, რომ ფლოტის არმქონე უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთზე მასშტაბური გამარჯვება მოიპოვა, იზიარებს Telegraph-ის სამხედრო მიმომხილველი, ბრიტანეთის სამეფო ფლოტის ყოფილი კაპიტანი ტომ შარპიც.

მისივე აზრით, სევასტოპოლზე რუსეთის კონტროლი სუსტდება, რასაც უდიდესი შედეგები ექნება შავი ზღვის ფლოტისთვის.

"შავ ზღვაში განვითარებული მოვლენები მიმდინარე საომარ კონფლიქტში მის სტრატეგიულ მნიშვნელობას შეგვახსენებს. წარმატებულ უკრაინულ შეტევებს უდიდესი მორალური ზეგავლენა აქვს რუსეთის შავი ზღვის ფლოტზე, რომელიც კარგ დროსაც კი არ გამოირჩეოდა მაღალი საბრძოლო სულით" - ამბობს შარპი.

უკრაინის საზღვაო გამარჯვებების უდიდესი მნიშვნელობის შესახებ თეზისს ადასტურებს საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, წარსულში აშშ-ის არმიის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების საკითხთა ანალიტიკოსი, პროფესორი სტივენ ბლანკიც გამოცემა Hill-ისთვის მომზადებულ მიმოხილვაში, რომელშიც, კერძოდ, ვკითხულობთ:

"უკრაინის საზღვაო გამარჯვებების ფაქტები აბათილებს უსაფუძვლო თეზისს "უკრაინის შემდგომი დახმარების კუთხით ე.წ. რეალისტური ოპოზიციის" შესახებ, რომლის თანახმად, უკრაინა რუსეთს ომს ვერ მოუგებს. ფაქტი ისაა, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტზე უკრაინის შეტევებს ერთი მეორეს მიყოლებით მოაქვს რუსეთის ტაქტიკური მარცხები".

ამასთან, ანალიტიკოსი აკრიტიკებს დასავლელი კოლეგების იმ ნაწილს, რომელიც თანამედროვე ომში ფლოტის მნიშვნელობის დაკნინების ტენდენციას ავლენს და დასძენს:

"უკრაინულ დარტყმებსა და წარმატებულ რეიდებს არაერთგზის გაუნადგურებიათ რუსული საზღვაო სამიზნეები, მათ შორის - სევასტოპოლში შავი ზღვის ფლოტის შტაბი, რაც მოსკოვის სამხედრო-საზღვაო სტრატეგიისა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კრახს უსვამს ხაზს. განსაკუთრებით არასაკმარისი ავიაციის პირობებში ეს გამარჯვებები სამხედრო ოპერაციების კოორდინაციაში უკრაინის სტრატეგიული ინტელექტის ნათელი დასტურია, მათი საბოლოო მიზანი კი ყირიმიდან რუსეთის გაძევებაა. ამდენად, ეს ოპერაციები დასავლეთის მხრიდან შემდგომ მასშტაბურ მხარდაჭერას იმსახურებს".

ატლანტიკური საბჭოს ორგანიზაციის მეცნიერ-თანამშრომელი, ბრიტანელი ჟურნალისტი პიტერ დიკინსონი კი რუსეთის შავი ზღვის ფლოტის წინააღმდეგ უკრაინის მიღწევებს "უნიკალურად" აფასებს და წერს:

"კუნძულ ზმეინის მცველთა უდრეკელობამ მთელი შემდგომი ომის სულისკვეთება განსაზღვრა. ზღვაზე უკრაინის გასაოცარი წარმატება დასტურია იმისა, რომ "ომში ჩიხის" შესახებ გავრცელებული მოსაზრების მიუხედავად, ეს კონფლიქტი უაღრესად დინამიურად რჩება".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S