
"სასამართლოს გუშაგი": დასახული ამოცანები, რომლებიც პარლამენტმა ასახა "სასამართლოს სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში", თითქმის არ შესრულებულა
05/12/2023 10:44:10 სამართალი
"სასამართლოს გუშაგის" ცნობით, 2022 წლის „სასამართლო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა” სასამართლოში არსებულ გამოწვევებს არ პასუხობს.
ორგანიზაცია გეგმის ანალიზის საფუძველზე აცხადებს, რომ დასახული ამოცანები, რომლებიც პარლამენტმა ასახა "სასამართლოს სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში", თითქმის არ შესრულებულა
"2023 წლის 8 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით რეკომენდაცია გასცა. შეფასების დოკუმენტი მოიცავს ცხრა პირობას, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს, რომელთაგან მეექვსე პირობა სასამართლოში, მათ შორის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ყოვლისმომცველი რეფორმის ჩატარებას ეხება. აღნიშნულ დოკუმენტში ასევე საუბარია სასამართლო სისტემის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე, რომელიც საქართველოს პარლამენტმა გასულ წელს მოამზადა.
ევროკომისია, ანგარიში საქართველოს შესახებ (09/11/2023): „სტრატეგია და სამოქმედო გეგმა არ ეხება მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ ძირითად გამოწვევებს და არ მოიცავს ძირითადი სტრატეგიული მნიშვნელობის თემებს (წინა რეფორმების განხორციელების დეტალური ანალიზი და დარჩენილი გამოწვევები, ქმედებების თანმიმდევრობა, პასუხისმგებელი ორგანოების განსაზღვრა, ინდიკატორები, მონიტორინგის მექანიზმი. და ა.შ.).“
საქართველოს სასამართლოს გუშაგი გასულ წელს სასამართლოს სტრატეგიასთან მიმართებით აცხადებდა, რომ დოკუმენტი არ პასუხობდა სასამართლო სისტემის ისეთ ძირითად გამოწვევებს, როგორიცაა სასამართლოს ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა, დამოუკიდებლობა და სხვ.
2023 წლის ნოემბერში გამოქვეყნდა საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებული ,,დეოლიგარქიზაციის გეგმა“. ყურადღებას იქცევს ის გარემოება, რომ დეოლიგარქიცაზიის გეგმაში, მართლმსაჯულების ნაწილში, ზედმიწევნით არის გამეორებული 2022 წლის სასამართლოს სტრატეგიიდან 16-დან 12 პუნქტი. ეს კი პირდაპირ ადასტურებს, რომ 2022 წლის სასამართლოს სტრატეგიით დასახული ამოცანები თითქმის არ შესრულებულა", – აცხადებს ორგანიზაცია.
გეგმის შესაზებ სრული ანგარიში იხილეთ აქ.