ლიეტუვა თავის სამხედროებს რიგ ქვეყნებში ჩასვლას აუკრძალავს

05-12-2023 17:42:24 ევროპა ,პოლიტიკა

ლიეტუვის სეიმში განიხილავენ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც ქვეყნის არმიის პროფესიონალ სამხედროებს არამეგობრულ ქვეყნებში მგზავრობას უკრძალავს. LRT- ს ინფორმაციით, ამ ქვეყნების ჩამონათვალში სავარაუდოდ, შევლენ რუსეთი და მის მიერ ანექსირებული ყირიმი, ბელარუსი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი, და ჩინეთი, ასევე საქართველოს ოკუპირებული რეგიონები (აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი) და არაღიარებული დნესტრისპირეთი.

გარდა ამისა, ლიეტუველი სამხედროები ვერ შეძლებენ ჩასვლას იმ ქვეყნებში, რომელში მგზავრობის რეკომენდაციასაც ქვეყნის აგარეო უწყება არ იძლევა ან რომელთა სასწრაფოდ დატოვების რეკომენდაციაც აქვს გაცემული.

როგორც ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, ხსენებული აკრძალვა, რომელიც სავარაუდოდ, 2024 წლის იანვრიდან შევა ძალაში, ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს უკავშირდება.

ცნობისთვის: სექტემბრის ბოლოს ლიეტუვის კრიზისების მართვი ეროვნულმა ცენტრმა განაცხადა, რომ საიდუმლო ინფორმაციასთან მომუშავე პირები ვერ შეძლებენ გასვლას რუსეთში, ბელარუსსა და სხვა ქვეყნებში, რომლებიც ლიეტუვისთვის საფრთხეს წარმოადგენენ. ცენტრის მონაცემებით, ეს აკრძალვა ჯამში 56 ათას მოქალაქეს შეეხება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები