
კახეთში ტყის ხანძარი ლიკვიდირებულია
06/12/2023 06:53:54 სამართალი, საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების მიერ, კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჩურთან არსებულ ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი - „112“-დან მიღებული ინფორმაციით, სოფელ ლეჩურთან, მთის ფერდობზე, ფოთლოვან ტყეში შეინიშნებოდა დაკვამლიანება. ცეცხლი ტყის ქვედა საფარს, ეკალ-ბარდს და ხის ხმელ ტოტებს გაუჩნდა.მეხანძრე-მაშველების მიერ უწყვეტი სამუშაოების შედეგად მოხერხდა ხანძრის ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება.
ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართული იყო 50-მდე მეხანძრე-მაშველი და დრონები. რთული რელიეფის გამო, ხანძრის კერასთან სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეყვანა ვერ მოხერხდა.
მთელი ღამის განმავლობაში, პრევენციისა და მონიტორინგის მიზნით, ადგილზე იმყოფებოდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ჯგუფი", – ნათქვამია ინფორმაციაში.