
სომხურმა სასამართლომ დაკავებულ აზერბაიჯანელ სამხედროს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა
06/12/2023 10:10:08 კავკასია
აზერბაიჯანელ სამხედრო მოსამსახურეს ჰუსეინ ახუნდოვს, რომელიც მსჯავრდებულია სომხეთის ტერიტორიაზე უკანონო შეჭრასა და ზანგეზურის სპილენძ-მოლიბდენის კომბინატის დაცვის თანამშრომელის ჰაირაპეტ მელიქსეტიანის მკვლელობაში, სასჯელი გაუმკაცრდა.
როგორც იუწყებიან, სომხეთის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა ჰაირაპეტ მელიქსეტიანის უფლებამონაცვლეების საჩივარი და ახუნდოვს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. მანამდე მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
ადგილობრივი მედიის ცნობით, 10 აპრილს ორი აზერბაიჯანელი სამხედრო აგშინ ბაბიროვი და ჰუსეინ ახუნდოვი სომხეთის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. ბაბიროვი მოქალაქეებმა იპოვეს და სამართალდამცავებს გადასცეს. ჰუსეინ ახუნდოვმა 12 აპრილს მოკლა 57 წლის მელიქსეთიანი.