Accentnews.ge
მაკო გომურმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

მაკო გომურმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

06/12/2023 10:14:55 სამართალი

ე.წ. გავრილოვის ღამეს დაშავებულმა ერთ-ერთმა მოქალაქემ მაკო გომურმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა და მოითხოვა გაუქმდეს „პოლიციის შესახებ“ კანონის და შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების ის ნორმები, რომლებიც სახელმწიფოს რეზინის ტყვიის გამოყენებას უფლებამოსილებას სათანადო გარანტიების გარეშე ანიჭებს.

გომურმა 2019 წლის 19-20 ივნისის ღამეს აქციის დაშლის დროს თვალი დაკარგა.

"საქართველოს კანონმდებლობა არ შეიცავს არავითარ გარანტიებს იმასთან დაკავშირებით, რომ რეზინის ტყვია გამოყენებული იქნეს როგორც უკანასკნელი საშუალება ძალადობრივი ქმედების აღსაკვეთად, როცა სხვა უფრო ნაკლებად დამაზიანებელი საშუალებით ვერ ხდება ძალადობრივი ქმედების აღკვეთა", - აცხადებენ "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში", რომელიც დაზარალებულის ინტერესებს იცავს.

ორგანიზაციამ საკონსტიტუციო სასამართლოს ოქტომბერში მიმართა.

საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს ჰქვია: "მაია გომური საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ". საქმის დეტალური აღწერა 6 ნოემბერს გამოქვეყნდა.

2019 წლის 20 ივნისა საქართველოს პარლამენტში, სასესიო დარბაზში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის სხდომაზე დაიწყო - პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტმა სერგეი გავრილოვმა დაიკავა. საპარლამენტო ოპოზიცია პარლამენტის სპიკერატისათვის განკუთვნილ ადგილზე ავიდა და განაცხადა, რომ შესვენებაზე გასული სერგეი გავრილოვი პარლამენტში ვეღარ დაბრუნდებოდა. ანტისაოკუპაციო აქცია 20 ივნისს 19:00 საათისათვის დაიგეგმა. პარლამენტის წინ ათასობით მოქალაქე შეიკრიბა.

აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ "ქართულ ოცნებას", რომელმაც საქართველოში შემოუშვა ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლები და რუსეთის დუმის დეპუტატს მისცა საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან გამოსვლის საშუალება, ხელისუფლებაში დარჩენის უფლება აღარ ჰქონდა. ოპოზიციის ლიდერებმა მაშინდელი შს მინისტრის გიორგი გახარიას, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაშინდელი ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურისა და პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადადგომა მოითხოვეს და ამისთვის მათ ერთსაათიანი ვადა მისცეს.

22:00 საათისათვის პარლამენტის წინ სიტუაცია გართულდა. საპროტესტო აქციის მონაწილეთა ნაწილმა პარლამენტის კიბეებისკენ გადაინაცვლა. შენობა სპეცრაზმელებით იყო გარშემორტყმული. მალევე რუსთაველის გამზირზე სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გაუშვეს. დაიწყო დემონსტრანტთა დაშლა. ისროლეს რეზინის ტყვიები. იმ ღამით არაერთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორმა გიორგი სულაშვილმა და მაკო გომურმა თვალი დაკარგეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S