ბაიდენი არ გამორიცხავს, რომ აშშ–ის ჯარმა რუსეთის არმიის წინააღმდეგ იბრძოლოს
07/12/2023 06:06:56 მსოფლიო
აშშ–ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი არ გამორიცხავს, რომ აშშ–ისა ჯარმა რუსეთის არმიის წინააღმდეგ იბრძოლოს. ამის შესახებ მან კონგრესისადმი მიმართვისას განაცხადა.
მან მოითხოვა, რომ კონგრესმა უკრაინის დახმარების საკითხი უახლოეს ვადებში – საშობაო არდადეგების დაწყებამდე დაამტკიცოს.
ბაიდენმა აღნიშნა, რომ აშშ-ის მიერ ამ საკითხის გადაჭრის გარეშე შეიძლება, სათუო გახდეს უკრაინის დახმარების თაობაზე გადაწყვეტილებების მიღება სხვა მოკავშირეების - ევროპის ქვეყნების, იაპონიისა და სხვა პარტნიორების მიერ.
აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ვერ მისცემს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უკრაინაში გამარჯვების საშუალებას. ბაიდენი დარწმუნებულია, რომ რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში მოსკოვი არ შეჩერდება უკრაინაზე და შეძლებს, თავს დაესხას აშშ-ის სხვა მოკავშირე ქვეყნებს, მათ შორის – NATO-ს შემადგენლობაში შემავალსაც.
"თუ პუტინი უკრაინას აიღებს, იგი იქ არ გაჩერდება. მნიშვნელოვანია ამ ვითარების გრძელვადიან პერსპექტივაში დანახვა. იგი გაგრძელებას აპირებს. მან ეს საკმაოდ ნათლად განაცხადა. თუ პუტინი თავს დაესხმება NATO-ს მოკავშირე ქვეყანას, ჩვენ, როგორც ალიანსის წევრი, ვალდებული ვართ, დავიცვათ NATO-ს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი. მაშინ ჩვენ გვექნება ის, რასაც არ ვეძებთ და რაც დღეს არ გვაქვს: ამერიკული ჯარების ბრძოლა რუსულ არმიასთან", – მიმართა ბაიდენმა კონგრესს.
6 დეკემბერს შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა, რომ უკრაინას გაუწევს კიდევ 175 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას. სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის თქმით, თუ კონგრესი დამატებითი დაფინანსების საკითხს არ გადაწყვეტს, ეს უკრაინის დახმარების ერთ-ერთი ბოლო პაკეტი იქნება.
თეთრმა სახლმა კონგრესი უკვე გააფრთხილა, რომ თუ წლის ბოლომდე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ, აშშ-ს აღარ ექნება უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად საჭირო ფინანსები.
პენტაგონის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 6 დეკემბრის ჩათვლით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გაუწია 44,2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება.


