
ალიევმა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა
07/12/2023 09:29:49 კავკასია
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 7 თებერვალს დანიშნა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია ალიევის მიერ დღეს ხელმოწერილ ბრძანებულებაზე დაყრდნობით იუწყება. კანონით, არჩევნები 2025 წელს უნდა ჩატარებულიყო.
2016 წლის კონსტიტუციური ცვლილებების შესაბამისად, აზერბაიჯანში პრეზიდენტს ხუთის ნაცვლად შვიდი წლის ვადით ირჩევენ.
ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები აზერბაიჯანში 2018 წლის 11 აპრილს გაიმართა. თავდაპირველად ის ოქტომბერში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ალიევმა კენჭისყრა რამდენიმე თვით ადრე გადადო. მთავარმა ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს. მათი ლიდერები ალიევს ავტორიტარიზმსა და განსხვავებული აზრის დევნაში ადანაშაულებენ.
ილჰამ ალიევი პრეზიდენტად პირველად 2003 წელს აირჩიეს, მამის, ჰეიდარ ალიევის გარდაცვალებამდე ორი თვით ადრე, რომელიც ქვეყანას 10 წლის განმავლობაში მართავდა. პირველ რიგში, ილჰამ ალიევმა გააუქმა კანონი, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტობა მხოლოდ ზედიზედ ორი ვადით იყო შესაძლებელი. შემდეგ კი მან ამ პოსტზე ვადა ხუთიდან შვიდ წლამდე გაზარდა. პოლიტოლოგები დარწმუნებულნი არიან, რომ ილჰამ ალიევი აპირებს თანამდებობა შვილს, ჰეიდარ ალიევს უმცროსს გადასცეს.
2020 წლის თებერვალში აზერბაიჯანში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. მმართველმა პარტიამ, რომლის თავმჯდომარეც ქვეყნის პრეზიდენტი ილჰამ ალიევია, თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. მაშინ აზერბაიჯანის ოპოზიციამ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ გააყალბა არჩევნების შედეგები და ის არ ასახავს ხალხის ნებას. დამოუკიდებელი საზოგადოებრივი ორგანიზაციების ცნობით, ბევრ ქალაქში საარჩევნო უბნებზე დამკვირვებლებს არ აძლევდნენ მუშაობის შესაძლებლობას, აძევებდნენ უბნებიდან, უკრძალავდნენ დარღვევების დაფიქსირებას, უბნებზე გადაადგილებას და მეტიც, ზოგიერთის მიმართ ძალაც გამოიყენეს.