აზერბაიჯანი და სომხეთი დაკავებული სამხედროების გაცვლაზე შეთანხმდნენ

07-12-2023 21:48:45 კავკასია

აზერბაიჯანი და სომხეთი იზიარებენ მოსაზრებას, რომ წარმოიშვა ისტორიული შესაძლებლობა რეგიონში დიდი ხნის ნანატრი მშვიდობის მისაღწევად. აზერბაიჯანული გამოცემა Trend-ის ცნობით, ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

„ორივე ქვეყანა კიდევ ერთხელ ადასტურებს ურთიერთობების ნორმალიზების და სამშვიდობო ხელშეკრულების მიღწევის განზრახვას, რომელიც დაფუძნებულია სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების პატივისცემაზე.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატს შორის მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული იქნა შეთანხმება ორ ქვეყანას შორის ნდობის გასაძლიერებლად ხელშესახები ნაბიჯების გადადგმაზე.

ჰუმანიზმის პრინციპებით ხელმძღვანელობით და კეთილგანწყობის ჟესტით აზერბაიჯანის რესპუბლიკა 32 სომეხ სამხედროს ათავისუფლებს. თავის მხრივ, სომხეთის რესპუბლიკა ჰუმანიზმის პრინციპებით ხელმძღვანელობითა და კეთილგანწყობის ჟესტით ათავისუფლებს 2 აზერბაიჯანელ სამხედროს.

როგორც კეთილი ჟესტი, სომხეთის რესპუბლიკა მოხსნის თავის კანდიდატურას გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (COP-29) მხარეთა კონფერენციის 29-ე სესიის მასპინძლობისთვის აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანდიდატურის მხარდასაჭერად.

აზერბაიჯანის რესპუბლიკა და სომხეთის რესპუბლიკა იმედოვნებენ, რომ აღმოსავლეთ ევროპის ჯგუფის სხვა ქვეყნებიც მხარს დაუჭერენ აზერბაიჯანის კანდიდატურას. კეთილი ჟესტის სახით, აზერბაიჯანის რესპუბლიკა მხარს უჭერს სომხეთის რესპუბლიკის კანდიდატურას აღმოსავლეთ ევროპის ჯგუფიდან COP-ის ბიუროს წევრობაზე.

აზერბაიჯანის რესპუბლიკა და სომხეთის რესპუბლიკა გააგრძელებენ მოლაპარაკებებს ნდობის აღდგენის დამატებითი ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში და მოუწოდებენ საერთაშორისო საზოგადოებას, მხარი დაუჭიროს მათ ძალისხმევას, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთნდობის დამყარებას და დადებითად იმოქმედებს მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები