
აზერბაიჯანი სახმელეთო საზღვრებს 2024 წლის 2 აპრილამდე არ გახსნის
11/12/2023 10:54:48 კავკასია
აზერბაიჯანში კორონავირუსის პანდემიის გამო კარანტინი კიდევ ერთხელ გახანგრძლივდა - ამჯერად 2024 წლის 2 აპრილამდე. შესაბამისი გადაწყვეტილება აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო, იტყობინება Trend.
ქვეყნის სახმელეთო საზღვრები ჩაკეტილია 2020 წლის გაზაფხულიდან. ბაქო აცხადებს, რომ შეინარჩუნებს კარანტინის რეჟიმს, "ვიდრე ეს საჭირო იქნება“.
ქვეყანაში შესვლა შესაძლებელია მხოლოდ საჰაერო გზით. ამავდროულად, უცხოელებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს შეუძლიათ რესპუბლიკის დატოვება სახმელეთო გზით.
აგვისტოში საქართველოში მცხოვრებმა აზერბაიჯანელებმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს სახმელეთო საზღვრების გახსნის თხოვნით მიმართეს.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ეს პრობლემა საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის კონტექსტშიც ახსენა, თუმცა ზურაბიშვილის პრეტენზიები მიმართული იყო საქართველოს ხელისუფლებისადმი. კერძოდ, პრეზიდენტის თქმით, თუ მმართველი პარტია „ქართულ ოცნებას“ ასე აწუხებს რუსეთში მცხოვრები ქართველების გადაადგილება, დაე, იფიქროს აზერბაიჯანში მცხოვრებ ქართველებზე, რომლებსაც „დიდი გზის გავლა უწევთ ბაქომდე და იქიდან თვითმფრინავით გაფრინდნენ, რაც აღემატება უმრავლესობის შესაძლებლობებს.“
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ამა წლის 5 მაისს გამოაცხადა COVID-19-ის პანდემიის გამო გლობალური საგანგებო მდგომარეობის გაუქმება.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 7 თებერვალს გაიმართება.