
კირკიტაძის საქმეზე გამოძიება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის მუხლით დაიწყო
11/12/2023 17:44:09 სამართალი
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მომღერალ ბაბი კირკიტაძესთან მიმართებაში განხორციელებული ქმედებების ირგვლივ გამოძიება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის მუხლით დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო უწყება ავრცელებს და დასძენს, რომ ყველა საჭირო ღონისძიებას ჩაატარებს სწრაფი და ობიექტური გამოძიებისთვის.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2023 წლის 11 დეკემბერს, ბაბი კირკიტაძესთან დაკავშირებული, ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული ვიდეოჩანაწერის უკანონოდ დამზადებისა და გავრცელების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო".
აღნიშნული მუხლი ოთხიდან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მომღერალმა 7 დეკემბერს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ინტერნეტში დამონტაჟებულ ჩანაწერს უვრცელებდნენ:
„ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ მსგავსი რამის დაწერა მომიწევდა, მაგრამ როგორც ჩანს ადამიანების ბოროტებას საზღვარი არ აქვს! პირობას გაძლევთ, ადრე თუ გვიან ყველას პასუხი მოგეთხოვებათ, დამმონტაჟებელსაც და თითოეულ გამავრცელებელსაც ამ ცილისწამებისთვის! ყველასთვის გასაგები რომ იყოს: ჭორებით, დაცინვით და ათასი საშინელებით რომ ვერაფერი მიქნეს, ახლა ისეთ ამაზრზენ ვიდეომონტაჟს ავცელებენ ჩემზე ჩათებში, პორნოსაიტებზეც რომ აღარ დებენ. მე ამასაც გავუძლებ, ამასაც რაღაცნაირად გადავიტან. იმ საზიზღრობის შემქმნელებს და გამავრცელებლებს რაც შეეხებათ, ისინი მთელი თავისი ცხოვრება თავისივე ბოროტებაში და ბოღმაში ჩაიხრჩობიან. აუცილებლად შევიტან სარჩელს და მანამ არ გავჩერდები, სანამ ყველა დამნაშავე პასუხს არ აგებს!“ — წერდა კირკიტაძე სოციალურ ქსელში.
9 დეკემბერს კირკიტაძე საგამოძიებო უწყებაში დაიბარეს გამოკითხვაზე.