პრეზიდენტი: არ გვაქვს უფლება, დღეს რამე დავუთმოთ რუსეთს

13-12-2023 20:55:17 ციტატა

"ჩვენი ევროპელი [ევროკავშირის გაფართოებაზე – რედ. ] და ამერიკელი მეგობრების გადაწყვეტილება ამ დღეებში უკრაინის ომთან დაკავშირებითაც [დამატებითი დაფინანსების გამოყოფაზე, რომელიც კონგრესში დაბლოკეს – რედ.] იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი. არც ჩვენ და არც თქვენ არ გვაქვს უფლება, დღეს რამე დავუთმოთ რუსეთს",– თქვა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ მიღებაზე, სადაც მათ შოის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებს მასპინძლობს.

პრეზიდენტი სწორედ რუსეთისთვის საჩუქრად განიხილავს 14–15 დეკემბრის სამიტზე ევროკავშირის ლიდერების მხრიდან შესაძლო უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებას და თქვა, რომ ევროკომისიის რეკომენდაციის მიუხედავად, რუსეთი ბოლომდე ცდილობს, "აურიოს რაღაცეები".

ღონისძიებაზე პრეზიდენტი ევროკავშირის ელჩს საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის მხარდამჭერი მოქალაქეების ხელმოწერებს გადასცემს ევროკავშირის მიერ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მოლოდინში.

8 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის რიგი დათქმებით მინიჭების რეკომენდაცია გასცა, ხოლო უკრაინისა და მოლდოვას შემთხვევაში, გაწევრიანებაზე მოლაპარეკებების დაწყების. ევროკომისიის მიერ რეკომენდაციის გაცემის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო მიიღებს. ამ რეკომენდაციას ევროკავშირის წევრმა 27-ვე ქვეყანამ უნდა დაუჭიროს მხარი. 14-15 დეკემბერს საბოლოო გადაწყვეტილება სახელმწიფოთა ლიდერებმა ევროპულ საბჭოში უნდა დაადასტურონ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები