პეტიციას, "ჩვენი ხმა ევროპას", სამი პრეზიდენტის ხელმოწერა აქვს

13-12-2023 22:02:58 პოლიტიკა

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში თქვა, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ინიცირებული კამპანიის "ჩემი ხმა ევროპას" ფარგლებში პეტიციას თავადაც მიაწერა ხელი მესამე პრეზიდენტის შემდეგ.

მანამდე ენმ–ის წევრმა თინა ბოკუჩავამ უთხრა ჟურნალისტებს ორბელიანების სასახლესთან, რომ თავად მიიტანა სააკაშვილის მიერ ხელმოწერილი პეტიცია ზურაბიშვილისთვის გადასაცემად. მოგვიანებით თავად სააკაშვილმა დაადასტურა ხელმოწერა.

"ვთქვი, რომ მე ხელს მოვაწერ მარტო იმის შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილს შესთავაზებენ ხელმოწერას. მე ანომალიად მიმაჩნია, ქვეყანაში პრეზიდენტს არ მიეცეს შესაძლებლობა, თვისი პოზიცია დააფიქსიროს ქვეყნის გეოპოლიტიკური არჩევანის უმნიშვნელოვანეს საკითხთან დაკავშირებით [...] მე მომიხდა, ასე ვთქვათ, მცირე ულტიმატუმის, გარკვეული მოთხოვნის წაყენება, რომ მიხეილ სააკაშვილს მისცემოდა ასეთ პეტიციაზე ხელის მოწერის უფლება და მისი ხელმოწერა დღეს არის ამ პეტიციაზე. მე მიმაჩნია, რომ ეს იყო სწორი მოთხოვნა ჩემი მხრიდან და ეს მოთხოვნა შესრულდა. ბუნებრივია, ჩემი ხელმოწერაც არის ამ პეტიციაზე. ბუნებრივად იყო ჩემი, როგორც პროევროპული პოლიტიკოსის, ხელმოწერა ამ პეტიციაზე, მაგრამ ასეთი ულტიმატუმის დაყენების აუცილებლობა, სამწუხაროდ, დადგა [...] ვუერთდები იმ სულისკვეთებას, რომელიც არის ახლა ქალბატონ პრეზიდენტთან. მიხარია, რომ იქ გაერთიანდა საზოგადოება. მათთან ერთად ვარ პოლიტიკური პოზიციით, სულიერად, ემოციურად, მაგრამ იქ ჩემი არმისვლით კიდევ ერთხელ მომიხდა იმაზე ხაზის გასმა, რომ ინსტიტუტების პატივისცემა მნიშვნელოვანია",– განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში კამპანიის "ჩვენი ხმა ევროპას" ფარგლებში დასკვნითი ღონისძიება გამართა და პეტიციის ფარგლებში შეგროვებული ხელმოწერები ევროკავშირს ელჩს გადასცა. თავის მხრივ, ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ ხელმოწერებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს გადაუგზავნის.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები