ფაშინიანი რეალისტურად მიიჩნევს აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების ახლო მომავალში გაფორმებას

14-12-2023 12:21:02 კავკასია

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სავსებით რეალისტურად მიიჩნევს აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების ახლო მომავალში გაფორმებას.

„თუ აზერბაიჯანი დაადასტურებს ამ პრინციპებს [ლიდერებს შორის შეთანხმებულს], მაშინ სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა უახლოეს მომავალში ძალიან რეალურია“, - განაცხადა ფაშინიანმა.

ფაშინიანის თქმით ეს ძირითადი პრინციპებია:

  • რეგიონული სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნა იმ ქვეყნების სუვერენიტეტის შენარჩუნების პრინციპით, რომლის ტერიტორიაზეც ისინი გადიან;
  • სომხეთის (29 800 კვ.კმ) და აზერბაიჯანის (86 600 კვ.კმ) ტერიტორიული მთლიანობის საჯარო აღიარება, ასევე საზღვრების დელიმიტაცია უახლესი საბჭოთა რუკების მიხედვით.

„ტყვეების გუშინდელი გაცვლა გვაძლევს ოპტიმიზმს, რომ სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა შესაძლებელია უახლოეს მომავალში“, - დასძინა ფაშინიანმა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანმა და სომხეთმა ოთხშაბათს თავიანთ საზღვარზე გაცვალეს სამხედრო ტყვეები. გაცვლა მოიცავდა აზერბაიჯანის მიერ 2020 წლის ბოლოს ტყვედ აყვანილ 32 სომეხს, ხოლო სომხურმა მხარემ ბაქოს გადასცა ორი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი, რომლებიც მას 2023 წლის აპრილიდან ჰყავდა დაკავებული.

ბაქომ და ერევანმა 7 დეკემბერს გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც საუბარი იყო, ტყვეთა პატიმრების გაცვლაზე. შეთანხმების ფარგლებში სომხეთმა მოხსნა კანდიდატურა გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (COP-29) მხარეთა კონფერენციის 29-ე სესიაზე და მხარი დაუჭირა აზერბაიჯანის კანდიდატურას.

გარდა ამისა, მხარეებმა აღნიშნეს, რომ განაგრძობენ მოლაპარაკებებს ნდობის აღდგენისთვის დამატებითი ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებით და მოუწოდეს საერთაშორისო საზოგადოებას, მხარი დაუჭიროს მათ ძალისხმევას, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთნდობის დამყარებას.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა არარატ მირზოიანმა 13 დეკემბერს განაცხადა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი განიხილავენ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრიდან ჯარების გაყვანის იდეას.

„ჩვენ გვჯერა, რომ ჯარების გაყვანას ნამდვილად დადებითი ეფექტი ექნება და ხელს შეუწყობს შესაძლო ახალი ესკალაციის თავიდან აცილებას. მე არ ვამბობ, რომ ამაზე შეთანხმება გვაქვს. ეს არის იდეა, რომელიც განიხილება“, - განაცხადა მან.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები