ორბანი – უკრაინის შესახებ ევროპული საბჭოს ნაბიჯზე: "უნგრეთს არ სურს, მონაწილეობა მიიღოს ამ ცუდ გადაწყვეტილებაში"
14/12/2023 18:11:57 პოლიტიკა
ევროპული საბჭოს მიერ უკრაინის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ უნგრეთის პრემიერ–მინისტრი ვიქტორ ორბანი კვლავ იმეორებს, რომ უკრაინა ევროკავშირთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყება მზად არ იყო.
"უნგრეთს არ სურს, მონაწილეობა მიიღოს ამ ცუდ გადაწყვეტილებაში", – განაცხადა მან.
მისივე თქმით, "კიევთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების გახსნა ირაციონალურია დღევანდელ ვითარებაში".
”უნგრეთი არ ცვლის თავის პოზიციას”, - თქვა მან და დასძინა, რომ სხვა 26 წევრი ქვეყანა დაჟინებით მოითხოვდა ნაბიჯის გადადგმას უკრაინასთან მოლაპარაკებების დასაწყებად. შედეგად, მისი თქმით, უნგრეთმა გადაწყვიტა, რომ "26-ს შეეძლო საკუთარი გზით წასულიყო, მაშინ როცა ბუდაპეშტი შორს დარჩა ამ გადაწყვეტილებისგან".
ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ასევე საბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი.


