
ადვოკატი: ბექა გრიგორიადისმა სასამართლოში დანით მძიმე თვითდაზიანება მიიყენა
15/12/2023 13:44:25 სამართალი
ადვოკატი ლაშა შუკაკიძე ამბობს, რომ მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა ბექა გრიგორიადისმა თვითდაზიანებები მიიყენა თბილისის საქალაქო სასამართლოში, როცა მას მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა.
ადვოკატის ინფორმაციით, კაცმა თვითდაზიანება მიიყენა დანით.
"ვინაიდან სისტემატურად ხდება მისი პოლიტიკური დევნა. ამ ადამიანს კვირაში სამჯერ ასამართლებენ. პროტესტის ნიშნად, ვინაიდან სხვა გზა აღარ დარჩა, მიიყენა თვით დაზიანებები და გამოიფატრა მუცელი სასამართლო დარბაზში. გადაწყვეტილების გამოცხადების დროს", - ამბობს ადვოკატი.
ლაშა შუკაკიძის თქმით, ბექა გრიგორიადისის წინააღმდეგ სასამართლო განიხილავდა 26 ნოემბერს ერთ-ერთ რესტორანში მომხდარ ინციდენტს. მას 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.