ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირი დაპირებებს ასრულებს
15/12/2023 15:24:34 მსოფლიო
გუშინდელმა გადაწყვეტილებამ აჩვენა, რომ ევროკავშირი ასრულებს თავის დაპირებებს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მან ისტორიის გარდამტეხი მომენტი უწოდა ევროპული საბჭოს მიერ გაფართოების კუთხით ნაბიჯების წინ გადადგმას.
„გადავწყვიტეთ, გავხსნათ გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან და გადავწყვიტეთ, მიგვენიჭებინა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი საქართველოსთვის, ასევე გადავწყვიტეთ, გავხსნათ გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები ბოსნია და ჰერცეგოვინასთან როგორც კი საჭირო კრიტერიუმები შესრულდება. ჩვენ მტკიცედ გავიმეორეთ ჩვენი კოლექტიური ვალდებულება ისეთი მომავლის მიმართ, სადაც დასავლეთ ბალკანეთის ექვსივე ქვეყანა ჩვენი კავშირის ნაწილია.
ვფიქრობ, გუშინდელმა გადაწყვეტილებამ აჩვენა, რომ ევროკავშირი ასრულებს თავის დაპირებებს. გაფართოების მიზეზი ისეთი ძლიერი და უდავო, როგორიც არასდროს ყოფილა, როგორიც დღეს არის მსოფლიოში, რომელიც მრავალი კრიზისით არის შეძრული. ეს არის ინვესტირება სტაბილურობაში, ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოებაში და დემოკრატიაში“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
მისივე თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი. ამდენად, დამოკიდებულია თავად ქვეყანაზე, რომელსაც სურს, ევროკავშირს შეუერთდეს, თუ რამდენად სწრაფად სურს მას ევროკავშირთან და მის პრინციპებთან დასაახლოებლად საჭირო რეფორმების გატარება.
აქვე ლაიენმა აღნიშნა, რომ შთამბეჭდავია იმის ხილვა, თუ როგორ გაზარდეს ქვეყნებმა აუცილებელი რეფორმების გატარების ამბიცია და სიჩქარე:
„ის, რისი დანახვაც ბოლო 18-20 თვის მანძილზე იყო შესაძლებელი არის ის, რომ რეგიონში არსებობს სიღრმისეული გაგება, რომ ახლა გადამწყვეტი დროა, უნდა აირჩიო მხარეები, „ნაცრისფერი ზონები“ აღარ არსებობს. ჩემზე შთამბეჭდავად იმოქმედეს იმ ქვეყნებმა, რომლებსაც სურთ ევროკავშირში გაწევრიანება და რომლის შესახებაც გაფართოების შესახებ ანგარიშშია საუბარი, თუ რამდენად გაიზარდა მათი ამბიცია და სიჩქარე იმ რეფორმების გატარების კუთხით, რომელიც აუცილებელია გაწევრიანებისთვის. კარგი იქნებოდა, ეს ომთან არ ყოფილიყო დაკავშირებული, მაგრამ შთამბეჭდავია იმის ხილვა, რომ ამ ქვეყნებმა ძალიან მკაფიოდ აირჩიეს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, მშვიდობისა და სტაბილურობის მხარე“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.


