"პუტინმა იცრუა" – უკრაინის დაზვერვამ დაასახელა ფრონტზე მყოფი რუსი სამხედროების რაოდენობა
15/12/2023 17:32:02 მსოფლიო
პუტინმა იცრუა,– ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა უკრაინული ტელემარეთონის ეთერში განაცხადა.
დაზვერვის ოფიცრის თქმით, „მტერი დეზინფორმაციას ავრცელებს, რათა გამოიწვიოს ინფორმაციული ზეწოლა უკრაინაზე, განაგრძოს სხვა ქვეყნების დაშინება და აამაღლოს რუსების „მოტივაცია“.
„ეს არ არის ერთადერთი ტყუილი, რომელიც გუშინ (14 დეკემბერი) გაისმა რუსი დიქტატორის ბაგეებიდან. ძირითადად, ყოველ ჯერზე, როცა პირს აღებდა, იტყუებოდა. მაგრამ ამავე დროს, გუშინ რუსეთის დიქტატორმა აღიარა არაერთი სამხედრო დანაშაული და თქვა, რომ აპირებს ამის გაგრძელებას“, - განაცხადა იუსოვმა.
მისი თქმით, „ახლა უკრაინის წინააღმდეგ 450 ათასი ოკუპანტი იბრძვის“.
„ეს ის ციფრი არ არის, რომელიც გუშინ პუტინის მსგავსმა ადამიანმა გააჟღერა. თუ მან ის ლიკვიდირებული დამპყრობლებიც არ მიათვალა, რომლებიც რუსებმა ბრძოლის ველიდან არ გაიყვანეს. ამ შემთხვევაში სხვა რიცხვი შეიძლება, გამოსულიყო. მთლიანობაში, ეს პროპაგანდაა“, - დასძინა მან.
14 დეკემბერს კრემლის ლიდერი ვლადიმირ პუტინი არწმუნებდა რუსებს, რომ ახალი მობილიზაციის საჭიროება არ დგას და რომ „უკრაინის ფრონტზე 617 ათასი რუსი ჯარისკაცი“ იმყოფება. გარდა ამისა, პუტინი ამტკიცებდა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში საკონტრაქტო სამსახურისთვის მობილიზებული 300 ათასის გარდა, ჯარი 486 ათასი „მოხალისით“ დაკომპლექტდა.


