
"დანაშაულებრივ გარიგებაში შევიდნენ ორსულ ქალებთან" – პასუხისგებაში ექვსი პირი მისცეს, მათგან ოთხი მეწარმეა
19/12/2023 06:23:31 სამართალი
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იუწყება, რომ ყალბი დოკუმენტების გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტები გამოავლინა.
უწყების ცნობით, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ექვსი პირი მიეცა, რომელთაგან ოთხი მეწარმე სუბიექტია, ხოლო ორი - კომპანიის ბუღალტერი.
საგამძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალებულები დეკრეტულ შვებულებაში მყოფ მოქალაქეებზე გათვალისწინებული ფულადი დახმარების მოტყუებით დაუფლების მიზნით, წინასწარ მოფიქრებული სქემის მიხედვით, დანაშაულებრივ გარიგებაში შევიდნენ ორსულ ქალებთან და ფიქტიურად გააფორმეს ისინი მათ მმართველობაში არსებულ საწარმოებში.
გამოძიების ვერსიით, დეკრეტულ შვებულებაში მყოფ მოქალაქეებზე გათვალისწინებული ფულადი დახმარების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ბრალდებულები, 2020-2022 წლებში, წინასწარ მოფიქრებული სქემის მიხედვით, დანაშაულებრივ გარიგებაში შევიდნენ ორსულ ქალებთან და ფიქტიურად გააფორმეს ისინი მათ მმართველობაში არსებულ საწარმოებში, რის შემდგომაც დაამზადეს ყალბი დოკუმენტები, რომელთა გამოყენებითაც, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ფიქტიურად დასაქმებული 111 პირის მიერ მიღებულ იქნა ორსულებისთვის გამოყოფილი ერთჯერადი ფულადი დახმარება - ჯამში 111 000 ლარის ოდენობით, რომელიც განაწილებულ იქნა ბრალდებულებსა და ორსულ ქალებს შორის.
როგორც იუწყებიან, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-მხილების მიზნით.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე, 210-ე და 180-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.