
საქართველოსა და გერმანიას შორის "მიგრაციისა და მობილობის შესახებ" შეთანხმება გაფორმდა
19/12/2023 07:26:37 პოლიტიკა, სამართალი
საქართველოსა და გერმანიას შორის "მიგრაციისა და მობილობის შესახებ" შეთანხმება გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მისი ცნობით, შესაბამის დოკუმენტს ხელი საქართველო შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა და მისმა გერმანელმა კოლეგამ ნენსი ფეზერმა მოაწერეს ხელი.
რას ითვალისწინებს შეთანხმება
- შეთანხმება მიზნად ისახავს შრომითი მიგრაციისა და განათლების მიმართულებით საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, ამასთან ქართველი სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის მეტი ინტენსივობით განხორციელდება საგანმანათლებლო და სტაჟირების პროგრამები.
- გარდა ამისა, შეთანხმება ითვალისწინებს არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას, რაც გულისხმობს თანამშრომლობის განმტკიცებას საქართველოს იმ მოქალაქეთა რეადმისიის და რეინტეგრაციის უზრუნველყოფის მიმართულებით, რომლებიც უვიზო მიმოსვლის რეჟიმს დაარღვევენ.
"შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, როგორც არალეგალური მიგრაციის, ასევე ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.
ვახტანგ გომელაურმა ყურადღება გაამახვილა გერმანიის მიერ საქართველოს უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების სიაში შეყვანის მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა, რომ გერმანიის მთავრობის მხრიდან მიღებული ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა, რომლის სახელმწიფო ორგანოები უზრუნველყოფენ ადამიანის უფლებების სათანადო დაცვას.
შეხვედრაზე გერმანული მხარის მიერ აღინიშნა, რომ საქართველოს მიერ წარმატებით ხორციელდება ევროკავშირთან გაფორმებული რეადმისიის შეთანხმების იმპლემენტაცია. გარდა ამისა, დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ გატარებული ღონისძიებები, რომლებიც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გამოწვევებზე საპასუხოდ განხორციელდა.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობა უახლოეს მომავალში კიდევ უფრო ინტენსიური გახდება, რასაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ზემოხსენებული შეთანხმება“, - ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.