
რას ითვალისწინებს გერმანიასთან გაფორმებული "მიგრაციისა და მობილობის შესახებ" შეთანხმება და ვის შეეხება/ არ შეეხება დეპორტაცია
19/12/2023 07:56:43 პოლიტიკა, სამართალი
საქართველოსა და გერმანიას შორის "მიგრაციისა და მობილობის შესახებ" შეთანხმება გაფორმდა. შესაბამის დოკუმენტს ხელი საქართველო შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა და მისმა გერმანელმა კოლეგამ ნენსი ფეზერმა მოაწერეს ხელი.
რას ითვალისწინებს შეთანხმება
შსს–ს ცნობით:
- შეთანხმება მიზნად ისახავს შრომითი მიგრაციისა და განათლების მიმართულებით საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, ამასთან ქართველი სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის მეტი ინტენსივობით განხორციელდება საგანმანათლებლო და სტაჟირების პროგრამები.
- გარდა ამისა, შეთანხმება ითვალისწინებს არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას, რაც გულისხმობს თანამშრომლობის განმტკიცებას საქართველოს იმ მოქალაქეთა რეადმისიის და რეინტეგრაციის უზრუნველყოფის მიმართულებით, რომლებიც უვიზო მიმოსვლის რეჟიმს დაარღვევენ.
მოგვიანებით, გომელაურმა გერმანელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრეს–კონფერენციაზე საკითხთან დაკავშირებით დამატებითი განმარტება გააკეთა:
"შეთანხმების პროექტი მოიცავს დებულებებს შემდეგ საკითხებზე: უკანონო მიგრაციის შემცირება, შრომითი ცირკულარული მიგრაციის სფეროში თანამშრომლობა, საგანმანათლებლო სფეროში გამოცდილების გაზიარება. უკანონო მიგრაციის შემცირების მიმართულებით შეთანხმების კონვერტში აღნიშნულია, რომ მხარეები მოახდენენ უკანონო მიგრაციისა და მისი ხელშეწყობის, ადამიანის ვაჭრობის, ტრეფიკინგის დოკუმენტებისა და ვიზების ბოროტად გამოყენების პრევენციას და მის წინააღმდეგ ბრძოლას. ასევე, უნებართვოდ ცხოვრებისა და რეადმისიის პროცესში თანამშრომლობის განმტკიცებას. ყურადღება გამახვილებულია, დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციასა და დისკრიმინაციისგან მათ აქტიურ დაცვაზე. ასევე, საჭიროა, საინფორმაციო კამპანიების წარმოება გერმანიაში საქართველოს მოქალაქეებისთვის. შეთანხმების პროექტი ითვალისწინებს სამუშაო ძალისა და კვალიფიციური მუშახელის მოწესრიგებული მიგრაციის ხელშეწყობას. გერმანულ შრომის ბაზარზე ქართველებისთვის საქმიანობის დაწყებისთვის შესაძლებლობების გაფართოებას. გამარტივდება სამუშაო ვიზები, რომელიც პრობლემაა, დღეიდან შედარებით მარტივი იქნება. ინფორმაცია გავრცელდა სხვანაირად, თითქოს, დღეიდან მოხდება ჩვენი მოქალაქეების წამოყვანა, დაატოვებინებენ მათ ქვეყანას. ეს სიცრუეა! რეადმისია წლების განმავლობაში ხორციელდება. ინფორმაცია, თითქოს, დღეიდან ხელი მოეწერება თუ არა, ჩვენს მოქალაქეებს გერმანიას დაატოვებინებენ და ქვეყნიდან გამოაძევებენ, სრული სიცრუეა. წლების განმავლობაში რეადმისია ხორციელდება და გაგრძელდება".
ვის შეეხება/არ შეეხება დეპორტაცია
ხელშეკრულების ამოქმედების შემდეგ გერმანიიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის პროცესი კიდევ უფრო გამარტივდება. კერძოდ, ვინც გერმანიაში არალეგალურად იმყოფება, უკან, სამშობლოში გამოუშვებენ. მეორეს მხრივ, გერმანიაში ჩასული საქართველოს მოქალაქეები, კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში თავშესაფარს უფრო სწრაფად მიიღებენ.
შს მინისტრის თქმით, დეპორტაცია არ შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც გერმანიაში ლეგალურად მუშაობენ, ან ჯანმრთელობის ისეთი პრობლემა აქვთ, რომლის მკურნალობაც საქართველოში ვერ ხერხდება.
"ბევრი მიდიოდა ვითომ სამუშაოდ, მაგალითად, და მერე ქრებოდა, ხან სხვა ქვეყანაში ვპოულობდით, ხან იყო ქურდობა, სამწუხაროდ, გვინდა თუ არ გვინდა ეს ხდება. ამაზეა საუბარი, თორემ, ადამიანი რომელიც მუშაობს იქ პატიოსნად და ოფიციალურად გაფორმებულია, პრობლემა არ შეექმნება არანაირი. მკურნალობაზეც კიდევ ხაზს ვუსვამ, თუ რაღაც ისეთია, რომელიც ჩვენთან ვერ კეთდება და იქ კეთდება, არ იქნება არანაირი საუბარი მისი გამოძევების, მაგრამ კიდევ ვიძახი, თუ შეუძლია, რომ აქ რაღაც ოპერაცია გაიკეთოს, რომელიც საქართველოშიც კეთდება ჩვეულებრივად და არა [ პირი ამბობს, რომ] მე ახლა მაინც და მაინც მინდა, გერმანიაში, ან ამერიკაშიო და დაარღვია, ვადა გადავიდა [დეპორტაცია შეეხება], თორემ ვინც მკურნალობს და იქ არის წლებია, ვთქვათ ისეთი დაავადებით, რომელიც აქ არ იკურნება, იმას არავინ შეეხება", - განაცხადა გომელაურმა.
თავის მხრივ, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა განცხადების დაკმაყოფილების კვოტა 0,3%-ია
მისი თქმით, საქართველოს მიენიჭა უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი, რათა საქართველოს მოქალაქეები ამ მასშტაბით არ ჩადიოდნენ გერმანიაში და არ ითხოვდნენ თავშესაფარს.
„ჩვენი შეთანხმებით და ასევე, საქართველოსთვის უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მინიჭებით არაფერი იცვლება, არაფერი იზღუდება თავშესაფრის მაძიებელთა ინდივიდუალური უფლების მხრივ, ასევე გერმანიაში ჩასვლის უფლების მხრივ, მაგრამ 0,3% არის თავშესაფრის მაძიებელთა განცხადების დაკმაყოფილების კვოტა. აუცილებელი იყო ასეთი ტიპის გადაწყვეტილების მიღება, უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მინიჭება. მნიშვნელოვანი იყო გარკვეული ცვლილებების განხორციელება, ეს არის გამოძახილი მიგრაციის შეთანხმებისა. გერმანიაში მესამე ქვეყნებიდან ძალიან ბევრი შემოდის, ჩვენც გარკვეული ღონისძიებები უნდა განგვეხორციელებინა სწრაფად და ეფექტურად ამის დასაძლევად. ჩვენ გავაკეთეთ ის, რომ საქართველომ მიიღო უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა საქართველოს მოქალაქეები ამ მასშტაბით არ ჩამოდიოდნენ და არ ითხოვდნენ თავშესაფარს. ასევე მიგრაციის შეთანხმებაც მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ გასული 3 წლის განმავლობაში გაიზარდა მაგალითად უკრაინიდან 60%-ით მიგრაციის მაჩვენებელი“,- განაცხადა ნენსი ფეზერმა.