Accentnews.ge
SJC უცხოელებისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის პრაქტიკას საკონსტიტუციოში ასაჩივრებს

SJC უცხოელებისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის პრაქტიკას საკონსტიტუციოში ასაჩივრებს

19/12/2023 09:17:29 სამართალი

"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" (SJC) აცხადებს, რომ უცხოელებისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის პრაქტიკას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს.

"სოციალური სამართლიანობის ცენტრმა საკონსტიტუციო სასამართლოში წარადგინა სარჩელი, რომელიც უცხოელებისთვის საქართველოში შემოსვლაზე თვითნებური უარის ადმინისტრაციულ პრაქტიკას ასაჩივრებს, რომელიც ხელისუფლებისთვის ხშირად დისკრიმინაციული მოპყრობის საფუძველსაც ქმნის.

უფრო ზუსტად, წარდგენილი სარჩელით სოციალური სამართლიანობის ცენტრი ითხოვს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც ადგენს, რომ „უცხოელს საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე შეიძლება უარი ეთქვას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.“ აღნიშნული ნორმის გამოყენების პრაქტიკა აჩვენებს, რომ სამართალდამცავი ორგანოები საკუთარ გადაწყვეტილებებში თითქმის არასდროს უთითებენ კონკრეტულად რომელი კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობით ეუბნებიან უცხოელს უარს საქართველოში შემოსვლაზე. როგორც წესი, პრაქტიკაში ეს გულისხმობს თავად სამართალდამცავი ორგანოების მიერ შედგენილ სიებს, სადაც კონკრეტული პირების შეყვანის და ამოღების წესი და სტანდარტი არ არის განსაზღვრული და თვითნებობის ძალიან მაღალ რისკებს ქმნის. ამ მუხლის საფუძველზე არა ერთ კრიტიკულ აქტივისტს, ჟურნალისტს, მკვლევარს, ასევე საქართველოსთან ისტორიულად დაკავშრებული არამოქალაქო პირებს (მაგალითად, რეპატრირებული მუსლიმი მესხები, ფერეიდანელი ქართველები, საქართველოდან იძულებით გადაადგილებული ოსები) ეთქვა უარი საქართველოში შემოსვლაზე.

სარჩელში სადავო ნორმა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის 1-ელი პუნქტით აღიარებულ თანასწორობის პრინციპთან, ისე კონსტიტუციის მე-18 მუხლის 1-ელ პუნქტთან (სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების პრინციპი) მიმართებით არის გასაჩივრებული. კონკრეტულად:

  • თანასწორობის უფლებასთან კავშირში ჩვენ ვამტკიცებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკით, სადავო ნორმა გამოიყენება კონკრეტული სამართლებრივი საფუძვლის მითითების გარეშე. სადავო ნორმის განუსაზღვრელი შინაარსიდან გამომდინარე, იგი ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს ფართო დისკრეციას, რომლის საფუძველზე განხორციელებული დიფერენცირებაც არ უკავშირდება რაიმე გონივრულ კრიტერიუმს და იძლევა ნორმის დისკრიმინაციული გამოყენების შესაძლებლობას. საყურადღებოა, რომ სადავო ნორმის მოქმედებით დიფერენცირებული ჯგუფები გამოიყოფა. ერთი მხრივ, პირები, რომელთაც საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვათ კანონის მე-11 მუხლის 1-ელი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით დადგენილი განუსაზღვრელი საფუძვლით, ხოლო მეორე მხრივ - პირები, რომელთაც საქართველოში შემოსვლაზე უარი კონკრეტული სამართლებრივი საფუძვლით ეთქვათ. ამდენად, სადავო ნორმა, განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმში აქცევს პირთა თანასწორ ჯგუფებს და, ერთის მიმართ საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის ბლანკეტურ მექანიზმს იყენებს, მეორის მიმართ კი ითვალისწინებს საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის კონკრეტული სამართლებრივი საფუძვლის მითითების ვალდებულებას.
  • ამასთან, სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპი მოითხოვს იმგვარი საკანონმდებლო სისტემის შექმნას, რომელიც პირს სამართალშემფარდებლის თვითნებობისაგან დაიცავს. სადავო ნორმის საფუძველზე კი შესაძლებელი ხდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ინდივიდის სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების უფლების ბლანკეტური შეზღუდვა, ყოველგვარი წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმისა, თუ სახელმძღვანელო მითითების გარეშე. გასათვალისწინებელია ისიც, რომ უცხოელს, რომელსაც საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა სადავო ნორმის საფუძველზე, გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაშიც არ აქვს წვდომა იმ მონაცემებზე, რაც საფუძვლად დაედო მის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას. ამასთანავე, იმ პირობებში, როდესაც სადავო ნორმა არ შეიცავს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო რაიმე მითითებას ან სახელმძღვანელო წესს, ამდენად, მოსამართლეს ერთმევა ყოველგვარი ბერკეტი გააკონტროლოს ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლები, რაც ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობაზე სასამართლო კონტროლს ეფემერულად აქცევს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი იმედს გამოთქვამს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დროულად იმსჯელებს წარდგენილ სარჩელზე და ხელს შეუწყობს ასობით ადამიანისთვის დარღვეული კონსტიტუციური უფლებების ეფექტურ რეალიზაციას", – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფროამციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S