რა წერია ვენეციის კომისიის მოსაზრებაში ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ
19/12/2023 11:24:30 პოლიტიკა
ვენეციის კომისია მის მიერ გამოქვეყნებულ ახალ მოსაზრებაში აღნიშნავს, რომ "კორუფციასთან ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონის ახალ დებულებებში ანტიკორუფციულ ბიუროსთან (ACB) დაკავშირებით რიგი დადებითი მახასიათებლებია, თუმცა კანონი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ელიტურ კორუფციაზე მკაცრი რეაგირება მოხდეს.
"მიუხედავად იმისა, რომ ვენეციის კომისია მიესალმება გრძელვადიან მიდგომას კორუფციის წინააღმდეგ სისტემებისა და საზოგადოების მედეგობის შესაქმნელად, იგი აღნიშნავს, რომ ანტიკორუფციულ ბიუროს არ გააჩნია არც საგამოძიებო უფლებამოსილებები და არც იურიდიული ინსტრუმენტები არსებულ კორუფციის საქმეებთან დაკავშირებით", – აღნიშნულია დოკუმენტში.
როგორც მოსაზრებაშია ნათქვამი, ვენეციის კომისია დადებითად აფასებს, ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის ფაქტს, თუმცა აღნიშნავს, რომ "მოქმედი ინსტიტუციური სტრუქტურა არ უზრუნველყოფს ბიუროს დამოუკიდებლობის საკმარის ხარისხს და მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ზედამხედველობისა და მაღალი თანამდებობის მქონე ოფიციალურ პირთა აქტივებისა და ინტერესების დეკლარაციის მონიტორინგისთვის მისი კომპეტენციები კანონში დამატებითი გარანტიების შეტანას საჭიროებს. ამ მხრივ განსაკუთრებით პრობლემურია ის ფაქტი, რომ ACB–ს ხელმძღვანელის დანიშვნა-გათავისუფლება დიდწილად პრემიერ–მინისტრის ხელშია".
ვენეციის კომისიის მთავარი რეკომენდაციები
"ACB-ს პოლიტიკური ნეიტრალიტეტისა და დამოუკიდებლობის გასაზრდელად, შესაბამისად, მის მიმართ საზოგადოების ნდობის ასამაღლებლად, ვენეციის კომისიის მთავარი რეკომენდაციებია:
შეიცვალოს კანონი, რათა უზრუნველყოფილი იყოს მრავალპარტიული მხარდაჭერა ACB-ს ხელმძღვანელის დასანიშნად. იგი უნდა დაინიშნოს ან პარლამენტის კვალიფიციური უმრავლესობით (რაც მოითხოვს ჩვეულებრივ უმრავლესობას) ან სათანადო ალტერნატივით, რომელიც გულისხმობს ფართო პარტიულ შეთანხმებას პარლამენტში (მაგ. ორმაგი უმრავლესობის სახით, რაც ითვალისწინებს უმრავლესობას პარლამენტარებს შორის როგორც უმრავლესობიდან, ასევე ოპოზიციიდან) და ნებისმიერი გადაწყვეტილება მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ უნდა განისაზღვროს პარლამენტის მიერ და არა პრემიერის მიერ. ამასთან, კანონში შემდგომი ცვლილებები უნდა იყოს შეტანილი ბიუროს ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველთან დაკავშირებით".
როგორც კომისია აღნიშნავს, "ვენეცის კომისიას მოსაზრების დასაფიქსირებლად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 2023 წლის 22 სექტემბერს მიმართა, საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადისა და ევროკომისიის მიერ მოწოდებული 12 პრიორიტეტული რეკომენდაციის განსახორციელებლად ქვეყნის ძალისხმევის კონტექსტში".
ცნობისთვის: 1 სექტემბრიდან საქართველოში ანტიკორუფციული ბიურო ამოქმედდა, რომელმაც პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის და თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის მონიტორინგი უნდა განახორციელოს. მის ხელმძღვანელად რაჟდენ კუპრაშვილი დაინიშნა.
ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა ევროკომისიის ერთ-ერთი რეკომენდაციით იყო განსაზღვრული.


