
წინასაახალწლო პერიოდში წიწვოვანი ხეების უკანონოდ მოპოვებაზე კონტროლი გამკაცრდა, ჯარიმა 2 000 ლარამდეა
20/12/2023 07:08:14 საზოგადოება, რეკლამა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი იუწყება, რომ მან წინასაახალწლო პერიოდში წიწვოვანი ხეების უკანონოდ მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლი გაამკაცრა.
ირკვევა, რომ დეპარტამენტის თანამშრომლებმა აჭარასა და შიდა ქართლში წიწვოვანი ხე-მცენარეების უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს.
კერძოდ, უწყების ცნობით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეში, მოქალაქემ სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე სოჭის სახეობის ხის ტოტები უკანონოდ მოიპოვა; ქარელის მუნიციპალიტეტში, დაბა აგარის მიმდებარედ, მოქალაქე 15 ერთეული ნაძვის სახეობის ხე-მცენარის უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდა. სამართალდამრღვევმა ვერც ხე-ტყის წარმოშობის შესაბამისი დოკუმენტი წარმოადგინა.
დეპარტამენტის აჭარისა და გურიის, ასევე შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა უკანონოდ მოპოვებული ხე-მცენარეები და ტოტები დალუქეს. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია. მასალები შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
„გამკაცრებული კონტროლის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ისეთ რეგიონებს, სადაც წიწვოვანი ტყეებია. ასევე, პრევენციული ღონისძიებები ტარდება ქალაქის შემოსასვლელთან, დასახლებულ პუნქტებში, საავტომობილო გზებზე. დედაქალაქში აქტიურად მოწმდება რეალიზაციის ადგილები - მაგალითად, სპორტის სასახლის, ვაგზლის, მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიები",– აცხადებენ დეპარტამენტში.
წიწვოვნების უკანონო მოპოვებაზე, ასევე ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე 500-დან 2000-ლარამდე ჯარიმა მოქმედებს, რასაც გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობაც ემატება.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას მოუწოდებს, წინასაახალწლოდ წიწვოვანი ხე-მცენარეები მხოლოდ კანონის ფარგლებში - სანერგეებში, პლანტაციებში, საკარმიდამო ნაკვეთებში მოიპოვონ. კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში კი მიმართონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს - 153, რათა დეპარტამენტის შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს.