
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყეს
20/12/2023 08:20:41 კონფლიქტები
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ ე.წ. პრემიერ-მინისტრ ალექსანდრ ანქვაბს და „პრეზიდენტის ადმინისტრაციის“ ხელმძღვანელ აბესალომ კვარჩიას, დაავალა „მოამზადონ ყველა საჭირო პირობა“, რათა რუსეთის მოქალაქეობის მქონე პირებმა მონაწილეობა მიიღონ 2024 წლის მარტში რუსეთში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში.
ბჟანიას პრესსამსახურის ცნობით, ბჟანიამ დავალება 19 დეკემბერს ე.წ. გამგეობებთან და ასევე რუსეთის ე.წ. საელჩოს წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ გასცა.
„ჩვენ სრულად უნდა მოვემზადოთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენისთვის, რათა მოვიცვათ ამომრჩეველთა რაც შეიძლება დიდი რაოდენობა აფხაზეთის ტერიტორიაზე“, - თქვა ბჟანიამ.
მისივე მტკიცებით, “აფხაზი ხალხი დიდი პატივისცემითა და სიმპათიითაა განწყობილი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიმართ“.
რუსული სახელმწიფო სააგენტო "ტასს" იუწყება, რომ „აფხაზეთის 130 ათასზე მეტ მოქალაქეს რუსეთის მოქალაქეობაც აქვს და მანამდე ისინი მონაწილეობდნენ რუსეთის პრეზიდენტისა და სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში“.