
ხვალ ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესის პარალელურად, მისი მხარდამჭერი აქცია დაანონსდა
20/12/2023 15:10:55 სამართალი
ხვალ ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესის პარალელურად, მისი მხარდამჭერი აქცია დაანონსდა.
ღონისძიების ორგანიზატორი მოძრაობა "სირცხვილია" არის.
მისი წევრების თქმით, ისინი სასამართლოსთან შეიკრიბებიან და დაკავებულ აქტივისტს მხარდაჭერას გამოუცხადებენ.
"კანდიდატის სტატუსის მიღება საქართველოს საბოლოო გამარჯვებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ამ გზაზე წარმატების მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა ლაზარესა და სხვა პატრიოტი მოქალაქეების ბრძოლის გარეშე. გავაგონოთ მხარდაჭერა ლაზარეს სასამართლო დარბაზში", - აღნიშნულია "სირცხვილიას" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის: ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად თავისუფლების 7-დან 11 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
7-8 მარტის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსით ჯამში, 6 პირი დააკავეს, მათგან 5 ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.