20-12-2023 22:46:10 მსოფლიო
ბაიდენის ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ სენატი უკრაინისთვის მრავალმილიარდიან დახმარების პაკეტს 2024 წლის იანვარში დაამტკიცებს. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა.
მისი თქმით, თეთრმა სახლმა "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენლებთან მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე მოლაპარაკებებში პროგრესს მიაღწია.
„მიღწეულია გარკვეული პროგრესი, მოვლენებს არ გავუსწრებ, მაგრამ უნდა ვნახოთ თუ როგორ განვითარდება მოვლენები“, - განაცხადა მან.
კირბიმ ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის ხელისუფლება გეგმავს, უკრაინას სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი დეკემბრის ბოლოს გამოუყოს, რის შემდეგაც თეთრ სახლს აღარ ექნება უფლებამოსილება შეავსოს მარაგი კონგრესის მიერ დამატებითი დაფინანსების გამოყოფის გადაწყვეტილების გარეშე.
ამ კონტექსტში, მან აღნიშნა, რომ "მნიშვნელოვანია სენატში კენჭისყრა ამ საკითხზე რაც შეიძლება მალე გაიმართოს".
ცნობისთვის: კონგრესი რესპუბლიკელების წინააღმდეგობის გამო უკრაინის დახმარების გასაგრძელებლად მრავალმილიარდიანი პაკეტის მიღებას ჯერ–ჯერობით ვერ ახერხებს. პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის 60 მილიარდ დოლარზე მეტს ითხოვს.
კონგრესის წარმომადგენელთა პალატის და სენატის წევრი რესპუბლიკელები უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებას უკავშირებენ არალეგალური მიგრაციის პრობლემის მოსაგვარებლად მექსიკასთან საზღვარზე ზომების გამკაცრებას და თავშესაფრის მიცემის პოლიტიკის გადახედვას. რესპუბლიკელები არასაკმარისად მიიჩნევენ საზღვრის დასაცავად დემოკრატების მიერ შეთავაზებულ ზომებს. თეთრმა სახლმა კონგრესი გააფრთხილა, რომ თუ წლის ბოლომდე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ, აშშ-ს აღარ ექნება უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად საჭირო ფინანსები. მედიის ცნობით, ბაიდენმა უკრაინისთვის მრავალმილიარდიანი პაკეტის მისაღებად "მნიშვნელოვან კომპრომისებზე" წასვლა დააანონსა.
პენტაგონის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ – 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 12 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 44,2 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარება გაუწია.