
"ინფარქტით დაიღუპა": როგორ ზემოქმედებს პიროტექნიკა ცხოველებზე
21/12/2023 09:44:57 ეს საინტერესოა, საზოგადოება
მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიურად ათობით ადამიანი ხვდება კლინიკაში პიროტექნიკით მიყენებული სხვადასხვა დაზიანების გამო, მათ შორის ძირითადად, ბავშვები; წლებია, საუბრობენ გარემოსთვის მიყენებულ ზიანზე; ცხოველებისა და ფრინველებისთვის შექმნილ რისკებზე, საკითხი ყოველი ახალი წლის მოახლოებასთან ერთად ხდება აქტუალური.
დღეს პიროტექნიკის გამოყენების პრობლემური მხარეებზე, ცხოველების შემთხვევაში მის ნეგატიურ გავლენაზე, რიგ შემთხვევებში, მომაკვდინებელზეც კი, ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, ადამიანების მიერ პიროტექნიკის გამოყენებას ზოოპარკის ორი ბინადარი – ანტილოპის სახეობის ორი გნუ – ემსხვერპლა ბოლო 5 წლის განმავლობაში: ერთი დაიღუპა ინფარქტით, მეორე, სხვა ცხოველებმა გადათელეს შიშის ფონზე.
„მოულოდნელი ხმაური, რომელსაც თან განათება მოჰყვება, ცხოველებისთვის გაუგებარი და აუხსნელია, შესაბამისად, დიდი საფრთხის შემცველია მათთვის",– ამბობს გურიელიძე.
მათთვის გაურკვეველი მოვლენების ფონზე შეშინებული ცხოველი იცვლის ქცევას: რიგ შემთხვევაში იმალება, ხოლო რიგ შემთხვევაში უმისამართლო სირბილს იწყებს. ეს უკანასკნელი, როგორც გურიელიძე განმარტავს, განსაკუთრებით სახიფათოა ისეთი ცხოველებისთვის, როგორებიც არიან ჩლიქოსნები: ისინი დიდი ზომის ცხოველები არიან, დიდი წონაც აქვთ. ხშირ შემთხვევაში, სწორედ ასე ხდება ხოლმე ცხოველების დაზიანება და შეიძლება დაღუპვაც". თუმცა ეს პრობლემის ერთი მხარეა. მეორე მხარე სტრესია, "რომელსაც ცხოველები შეიძლება, სხვადასხვანაირად გამოხატავდნენ. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება, სხვადასხვა მძიმე დაავადება განვითარდეს. ის შესაძლოა, არა მყისიერად, არამედ რამდენიმე დღეში გამოვლინდეს და ნებისმიერი ჩარევა ასეთ დროს შესაძლოა, უკვე გვიანიც იყოს“.
ეს საკითხი მუდმივად აწუხებთ შინაური ცხოველების პატრონებს და ცხოველების მოყვარულებს. ზოგიერთი ცდილობს, ცხოველები აბაზანაში იზოლირებით და ყურების დაცობით დაიცვას, მაგრამ განსაკუთრებით მოწყვლად მდგომარეობაში მიუსაფარი ცხოველები რჩებიან, რომლებიც საქართველოში მრავლად არიან.
გურიელიძე მოქალაქეებს მიმართავს: “ვთხოვთ, ძირითადად ჩვენ მეზობლებს, რომ არ გამოიყენონ პიროტექნიკური საშუალებები. განსაკუთრებით იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც ზოოპარკია. თუ დაშორებულია და ახლოს არ იქნება, ეს გაცილებით უფრო ნაკლები პრობლემაა ზოოპარკისთვის, თუმცა პრობლემა რჩება იმ ცხოველებისთვის, რომლებიც ჩვენ გარშემო ცხოვრობენ, მათ შორის, მიუსაფარი თუ გარეული ცხოველები”.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021