
კაცს, რომელმაც ცოლი ავტობუსში შვილების თავდასწრებით მოკლა, 20 წელი მიესაჯა
21/12/2023 10:33:45 სამართალი
სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და ავტობუსში შვილების თანდასწრებით ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ როინ მებონიას 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
პროკურატურა, მოკლულის დედის მსგავსად, უმკაცრესი სასჯელის გამოყენებას - უვადო პატიმრობას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ეს მოთხოვნა არ გაითვალისწინა და როგორც თავად ახსნა, არ იყო მიზანშეწონილი უვადო თავისუფლების აღკვეთა მაშინ, როდესაც პირი არის შეზღუდული შერაცხადი.
თავად მსჯავრდებული მკურნალობას ფსიქიკური ჯანმრთელობის დაწესებულებაში გადის. დაცვის მხარე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ან სასჯელის შემცირებას მოითხოვდა.
მოკლულის დედა გადაწყვეტილების უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.
მკვლელობა გასული წლის მაისში მოხდა. როინ მებონიამ გურამიშვილის გამზირზე მოძრავ ავტობუსში ცოლს, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა.