
"გეგმავდა მრავალმილიონიან ინვესტიციას": თურქი ბიზნესმენი საქართველოს ხელისუფლებას უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს და დავას იწყებს
21/12/2023 12:23:30 სამართალი, ეკონომიკა
თურქი ბიზნესმენი ბარიშ ინანი საქართველოს ხელისუფლებას უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს და დავას საკონსტიტუციო სასამართლოში იწყებს.
ადვოკატების ცნობით, მას ბიზნესი როგორც თურქეთში, ასევე დიდ ბრიტანეთში აქვს, გეგმავდა ინვესტიციების განხორციელებას საქართველოშიც, ქართულ საბანკო ანგარიშებზე ჰქონდა 7 მილიონ ლარზე მეტი, რაც ხელისუფლებამ მას დაუსაბუთებელ ქონებად ჩაუთვალა, თანხა გაუყინა, ხოლო პროკურატურამ მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ბიზნესმენს ფულის გათეთრებას ედავებიან. საქმე ამჟამად საქალაქო სასამართლოშია.
ადვოკატების განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, შემოსავლების კანონიერების დადასტურების ვალდებულება მოქალაქეს ეკისრება და არა საგამოძიებო ორგანოს, რაც მათი შეფასებით, წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან, რომლის მიხედვითაც, ბრალდებული არაა ვალდებული, ამტკიცოს მისი უდანაშაულობა. სწორეს ეს ნორმა ხდება საკონსტიტუციო დავის საგანი.
ადვოკატი კახა კოჟორიძე ამბობს, რომ ეს არ არის მხოლოდ ერთი ბიზნესმენის დავა და რომ სახელმწიფოსა და ბიზნესმენებს შორის მსგავსი სამართლებრივი დავები აზიანებს საინვესტიციო გარემოს, კარგავს სანდოობას, ვინაიდან, ამგვარი მიდგომით პროკურატურას ეძლევა შესაძლებლობა, ნებისმიერი ინესტორის საქმიანობა შეაჩეროს, თავად ინვესტორი კი ციხეში გაუშვას:
"საკითხი, რომელსაც ჩვენ პრობლემურად მივიჩნევთ, საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ერთ ადამიანს, არამედ საქართველოში საინვესტიციო გარემოს – როგორც ქართველ, ისე უცხოელ ბიზნესმენებს და ზოგადად, ადამიანის კონსტიტუციურ უფლებებს. ბიზნესმენის წინააღმდეგ, რომლსაც სურდა საქართველოში მრავალმინიონიანი ინვესტიციის განორციელება, დაწყებულია უკანონო და დაუსაბუთენბელი ბრალდების საქმე."
კიდევ ერთი ადვოკატი, მათ შორის, საერთაშორისო სტანდარტებზე ამახვილებს ყურადღებას:
"ამ საქმეში იმ საკონსტიტუციო სარჩელით რაც ჩვენ შევიტანეთ საკონსტიტუციო სასამართლოში, ჩვენ ვამბობთ რომ სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლი, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო სტანდარტებით დამტკიცებულ უდანაშაულობის პრეზუმფციას. ადამიანის უფლების კონვენციის თანახმად, ნებიესმიწრი პირი ითვლება უდანაშაულოდ, სანამ არ დამტკიცდება მისი დანაშაულებრივი საქმიანობა. და სწორედ ამას ეწინააღმდეგება ეს ნორმა. ეს არის ფუნდამენტური უფლება. არავინ არის ვალდებული, რომ საკუთარი უდანაშაულობა ამტკიცოს. ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი არგუმენტები იმის დასადასტურებლად, რომ ბარიშ ინანის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები არის პირდაპირ წინააღმდეგობაში ადამიანის უფლებათა კონვენციის მეექვსე მუხლთან, რომელიც სამართლიანი სასამართლოს პრინციპს გულისხმობს", - ამბობს ადვოკატი მაიკლ ფოლაქი.
საქმეზე სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში 21 დეკემბრისთვის იყო ჩანიშნული, თუმცა გადაიდო.