
ადვოკატი: ლაზარე გრიგორიადისი დუმილის უფლებას დაარღვევს
21/12/2023 14:28:05 სამართალი
პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატი ლიკა ბითაძე აცხადებს, რომ ლაზარე გრიგორიადისი დუმილის უფლებას დაარღვევს და ბოლო პროცესზე ჩვენებას თავისთავად მისცემს.
როგორც დღევანდელი პროცესის დასრულების შემდეგ ადვოკატმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, სასამართლოს სხდომები დაახლოებით ორ პროცესში დასრულდება.
„დაცვის მხარე, როდესაც მიხვდა იმას, რომ ბრალდების მხარის ქმედებები ემსახურებოდა პროცესების გაჭიანურებას გაურკვეველი მიზეზის გამო, დარჩენილი ჰყავდა 12 მოწმე, საიდანაც მხოლოდ თითო მოწმე მოყავდა სასამართლო სხდომაზე, რომელიც შესაძლებელია დროში კიდევ გაწელილიყო დაახლოებით 1 წელზე მეტ ხანს, დაცვის მხარემ გადაამოწმა, თუ რომელი მოწმეები იყვნენ ისინი. ისინი არ იყვნენ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე მოწმეები. ძირთადად ის მოწმეები, რომლებიც საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე იყვნენ ყველა დაკითხული იყო და ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება, დარჩენილი თორმეტივე მოწმე დაცვის მხარემ უდავო გახადა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრალდების მხარის არცერთი მოწმე არ დაიკითხება სასამართლო სხდომაზე. 2024 წლის 15 იანვარს გაგრძელდება დაცვის მხარის მოწმეების გამოკითხვა“, - განაცხადა ლიკა ბითაძემ.
ცნობისთვის: ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად თავისუფლების 7-დან 11 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
7-8 მარტის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსით ჯამში, 6 პირი დააკავეს, მათგან 5 ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.