
საგარეო საქმეთა სამინისტრო: პრაღაში სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია ჯერ–ჯერობით არ ვრცელდება
21/12/2023 17:03:30 პოლიტიკა
პრაღაში სროლის დროს საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია ჯერ–ჯერობით არ ვრცელდებას. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქართველოს საელჩო ჩეხეთის რესპუბლიკაში ინფორმირებულია ინციდენტის შესახებ.
„საელჩო კავშირზეა ჩეხეთის შესაბამის სტრუქტურებთან. ჯერჯერობით საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია არ არის“, - აცხადებენ სამინისტროში.
ამასთან, ჩეხეთში საქართველოს საელჩო აცხადებს, რომ საელჩოში ამოქმედდა "ცხელი ხაზი".
"საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ! დღეს, ქ. პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საგანგებოდ, 24 საათიან რეჟიმში ამოქმედდა საქართველოს საელჩოს "ცხელი ხაზი": +420 777 222 053, საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ აღნიშნულ ნომერზე!
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები არ არიან გარდაცვლილებს და დაშავებულებს შორის. საელჩო აქტიურ რეჟიმში ხაზზე რჩება ჩეხეთის ყველა შესაბამის სამსახურთან", – ნათქვამია დიპლომატიურ უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჩეხეთის ტელევიზია ჩტ-24-ის ცნობით, პრაღაში სროლის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 30 დაიჭრა. ლიკვიდირებულია თავდამსხმელიც. მისი ვინაობა და თავდასხმის მოტივი ჯერ–ჯერობით უცნობია.
ადგილი, სადაც თავდასხმა მოხდა, მცირე მანძლით არის დაშორებული პრაღის ძველი ქალაქიდან და პრაღის სასახლიდან.
მომხდარი თავდასხმის გამო, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ, რომელიც სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ოლომოუცში, შეწყვიტა შეხვედრები და პრაღაში ბრუნდება. მან მოუწოდა მოქალაქეებს, რომ დაემორჩილონ ადგილობრივი ხელისუფლებისა და პოლიციის ინსტრუქციებს.