
ერევანში დაუშვებელი უწოდეს რუსული სამხედრო პოლიციის მიერ სომხეთში თვითნებურად ჩატარებულ ოპერაციას
22/12/2023 11:57:00 კავკასია
სომხეთში დაუშვებელი უწოდეს გიუმრიში განთავსებული სამხედრო ბაზის სამხედრო პოლიციის მიერ თვითნებურად ჩატარებულ ოპერაციას რუსეთის მოქალაქის დაკავების თაობაზე. საქმე ეხება რუს სამხედრო დიმიტრი სეტრაკოვს, რომელიც უკრაინის ომს სომხეთში გაექცა, თუმცა შემდეგ ის რუსეთში იპოვეს.
„ეს მიუღებელი და დაუშვებელია! ვფიქრობ, რომ ჩვენმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ შესაბამისი პასუხი უნდა გასცეს!“, - განაცხადა სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ.
უფლებადამცველების ინფორმაციით, ის სომხეთის ტერიტორიაზე რუსეთის 102-ე ბაზის სამხედრო პოლიციამ დააკავა და შემდეგ რუსეთში გადაიყვანა. სომხეთის პროკურატურაში განაცხადეს, რომ მათ შესაბამისი შუამდგომლობა არ მიუღიათ.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ სეტრაკოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სამსახურებრივი ადგილის უნებართვოდ დატოვების გამო. ამ მუხლით მას ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
სეტრაკოვი 39 წლისაა, მობილიზებული როსტოვის ოლქიდან. მან დაახლოებით ექვსი თვე გაატარა უკრაინაში რუსული არმიის პოზიციებზე ზაპოროჟიეს რეგიონში, ზაფხულის კონტრშეტევის დროს უკრაინის არმიის თავდასხმის ძირითადი მიმართულების ზონაში. აპრილში ის საავადმყოფოდან გაიქცა, სადაც ტრავმის გამო აღმოჩნდა. ის შემოდგომამდე იმალებოდა, რის შემდეგაც ხელისუფლებას ჩაბარდა. ის დააკავეს, მაგრამ გაქცევა კვლავ მოახერხა ნოემბერში, როდესაც სამედიცინო შემოწმებაზე გადაიყვანეს, – აცხადებენ უფლებადამცველები. სომხეთში გამგზავრებაში მას უფლებათა დაცვის პროექტი დაეხმარა.