
"ალტ-ინფოს" ლიდერებმა თბილისის მერიის შენობიდან ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს
22/12/2023 18:55:47 სამართალი
პრორუსული პარტია "კონსერვატიული მოძრაობის" ლიდერებმა ზურაბ მახარაძემ და ირაკლი მარტინენკომ თბილისის მერიის შენობიდან ევროკავშირის დროშა ჩამოხიეს და დაწვეს. შესაბამისი ვიდეო პროპაგანდისტული "ალტ-ინფოს" გვერდზე გავრცელდა.
არსებული ინფორმაციით, ზურაბ მახარაძე და ირაკლი მარტინენკო პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
მახარაძემ და მარტინენკომ თქვეს, რომ ამ ქცევით მხარდაჭერა გამოუცხადეს ლაშა შარუხიას, რომელსაც ბრალი წარუდგინეს მცხეთის მერიის შენობიდან ევროკავშირის დროშის ჩამოხსნის და დაწვის საქმეზე.
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ლაშა შარუხიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალდება სხვისი ქონების დაზიანების [სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლი] ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამის შემდეგ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოები, რომლებშიც ჩანდა, როგორ წვავდნენ მართლმადიდებელი მღვდლები ევროკავშირის დროშებს.