
ფაშინიანი ორდღიანი ვიზიტით რუსეთში ჩადის
25/12/2023 11:10:44 კავკასია
სომხეთის პრემიერ–მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ორდღიანი სამუშაო ვიზიტით რუსეთში, სანკტ-პეტერბურგში გაემგზავრა. ამის შესახებ სომხეთის მთავრობის მეთაურის პრეს–სამსახური იტყობინება.
შეტყობინების მიხედვით, 25 დეკემბერს ფაშინიანი მონაწილეობას მიიღებს ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს სხდომაში, ხოლო 26 დეკემბერს - დსთ-ს არაფორმალურ სამიტში.
ოქტომბერში ფაშინიანი არ წასულა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბჭოზე და დსთ-ს წევრი ქვეყნების მეთაურთა საბჭოს სხდომაზე ბიშკეკში, შემდეგ არ დაესწრო კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) სამიტს მინსკში, რომელიც 23 ნოემბერს გაიმართა.
როგორც დსთ-ს გენერალურმა მდივანმა, სერგეი ლებედევმა განაცხადა, 26 დეკემბერს არაფორმალურ სამიტზე რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აპირებს "არაფორმალურ გარემოში კომუნიკაციას, მიმდინარე საკითხების განხილვას, აზრების გაცვლას" თანამეგობრობის სხვა ქვეყნების ლიდერებთან.