
საია: სასამართლომ შსს-ს გოგა რაზმაძის ნაცვლად სხვა თანამშრომლის დანიშვნა აუკრძალა
26/12/2023 10:41:38 სამართალი
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციცაცია" (საია) აცხადებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აუკრძალა გათავისუფლებული თანამშრომლის, გოგა რაზმაძის პოზიციაზე სხვა ადამიანის დანიშვნა.
საიას ინფორმაციით, 2023 წლის 21 დეკემბრის განჩინებით, სასამართლომ გაიზიარა შსს-ს ყოფილი თანამშრომლის მოსაზრება.
"12 ივლისს, გოგა რაზმაძემ, რომელიც იმ პერიოდისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი იყო და იკავებდა ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოს უფროსის პოზიციას, სოციალურ ქსელ Facebook-ში გამოაქვეყნა საჯარო პოსტი, სადაც იგი საუბრობდა მის მიმართ სამინისტროში დისკრიმინაციისა და შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის მიერ განხორციელებულ დამამცირებელ, შეურაცხმყოფელ მოპყრობასა და ახსნა-განმარტების მიცემის იძულების ფაქტებზე", - აღნიშნავს საია.
გოგა რაზმაძის სახელი და გვარი საზოგადოებისთვის გასულ ზაფხულში გახდა ცნობილი. ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც შსს-ს მოქმედმა თანამშრომელმა სოციალურ მედიაში ვრცელი "პოსტი" გამოაქვეყნა, რომელშიც უწყებას მის მიმართ დამამცირებელ მოპყრობაში ადანაშაულებდა. რაზმაძემ უწყება აზრის გამოხატვის შეზღუდვაში დაადანაშაულა და არ გამორიცხა, რომ უახლოეს პერიოდში, სამსახურიდან დაითხოვდნენ. მოგვიანებით, 10 ნოემბერს მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შსს-დან გაათავისუფლეს.
გოგა რაზმაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 24 ნოემბერს მიმართა.