
სომხეთში ექს–პრეზიდენტის და ვიცე-პრემიერის სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა
28/12/2023 08:36:29 კავკასია
ერევნის საქალაქო სასამართლომ, მოსამართლე ანა დანიბეკიანის თავმჯდომარეობით, ოთხშაბათს გამოიტანა გადაწყვეტილება სომხეთის მეორე პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის და ყოფილი ვიცე-პრემიერის არმენ გევორგიანის საქმეზე და მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა.
გადაწყვეტილების საფუძველი საქმის ხანდაზმულობა გახდა. რობერტ ქოჩარიანს და არმენ გევორქიანს ბრალი ერთსა და იმავე ეპიზოდში ედებოდათ. ექსპრეზიდენტს ბიზნესმენ სილვა ამბარცუმიანისგან განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის (3 მილიონი დოლარი) მიღებაში ადანაშაულებდნენ, ხოლო გევორქიანს – ფულის გათეთრებაში.
2021 წელს სომხეთში ასევე დაიხურა კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე ყოფილი პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის წინააღმდეგ, რომელიც აღძრული იყო კონსტიტუციური წყობის დამხობის მუხლით. ყოფილ პრეზიდენტ ქოჩარიანს და „1 მარტის საქმეში“ სხვა ბრალდებულებს – სეირან ოჰანიანს, იური ხაჩატუროვს და არმენ გევორქიანს ბრალი ედებოდათ სომხეთში კონსტიტუციური წესრიგის დამხობაში - 2008 წლის 1-2 მარტის არეულობის საქმეზე.