
ლავროვი: ერევანი საგარეო ხაზის რეფორმირებას ცდილობს, მოსკოვთან დროში გამოცდილ ალიანსს ცვლის
28/12/2023 10:32:21 კავკასია
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, სომხეთი მოსკოვთან დროში გამოცდილ და "სანდო ალიანსს" დასავლეთის ბუნდოვან დაპირებებზე ცვლის.
„სამწუხაროდ, ოფიციალური ერევანი, რომელიც დასავლელების დარწმუნებას ემორჩილება, ცდილობს თავისი საგარეო პოლიტიკური ხაზის რეფორმირებას. ის მოსკოვთან დროში გამოცდილ ალიანსს ცვლის არა დასავლეთის კონკრეტულ დახმარებაზე, არამედ მხოლოდ ბუნდოვან დაპირებებზე“, - განაცხადა ლავროვმა რუსულ პროპაგანდისტულ მედიარესურსთან ინტერვიუში 2023 წლის შეჯამებისას.
ლავროვის მტკიცებით, სომხეთი იყო და რჩება რუსეთისთვის სტრატეგიულ პარტნიორად სამხრეთ კავკასიაში და თქვა, რომ ეჭვის შეტანა სომხეთის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზის არსებობის მიზანშეწონილობაში, საზიანოა.
ამასთან, მან NATO-სომხეთის ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება:
"ბოლო დროს ერევანი ავითარებს თანამშრომლობას NATO-სთან და მის ცალკეულ ქვეყნებთან. წელს სომხეთმა ალიანსთან ერთად რამდენიმე ათეულობით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ის აგრძელებს შეიარაღებული ძალების მოდერნიზებას NATO-ს სტანდარტების შესაბამისად, სამხედროები გადიან წვრთნებს ჩრდილოატლანტიკური ბლოკის რიგ სახელმწიფოებში. ეს არ შეიძლება არ გვაწუხებდეს. ჩვენ არაერთხელ გავამახვილეთ ჩვენი სომეხი კოლეგების ყურადღება, რომ NATO-ს ჭეშმარიტი მიზანია გააძლიეროს თავისი პოზიციები რეგიონში და შექმნას პირობები მანიპულაციისთვის, გაყავი და იბატონეს სქემით. იმედი მაქვს, ერევანში აცნობიერებენ, რომ ალიანსთან ურთიერთობის გაღრმავება ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში სუვერენიტეტის დაკარგვას გამოიწვევს".
მან რუსეთ–სომხეთს შორის დაძაბულობას "დროებითი" უწოდა.