
სამხედროს მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი წარედგინა
28/12/2023 10:45:13 სამართალი
საქართველოს პროკურატურამ 27 დეკემბერს თბილისში, წულუკიძის ქუჩაზე სამხედრო მოსამსახურის – ლაშა გუჯეჯიანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
მას სსკ–ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც დამტკიცების შემთხვევაში, სასჯელის სახედ 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
პროკურატურის განცხადებით, დაკავებულმა გუჯეჯიანი რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
"საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 27 დეკემბერს, თბილისში ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების დროს, მის სახელზე შენახვისა და ტარების უფლებით რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან დაზარალებულს სხეულის სხვადასხვა არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს",– აცხადებენ პროკურატურაში და დასძენენ, რომ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავენ.