
აშშ – სამხრეთ აფრიკის მიერ ისრაელის წინააღმდეგ შეტანილ საჩივარზე: "ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე ქმედებას, რომელიც გენოციდს წარმოადგენს"
04/01/2024 07:57:59 მსოფლიო
აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერი მეთიუ მილერი სამხრეთ აფრიკის მიერ ისრაელის წინააღმდეგ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში სარჩელის შეტანის ფაქტს ეხმიანება.
"ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე ქმედებას, რომელის გენოციდს წარმოადგენს. ეს არის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება", – აღნიშნა მეთიუ მილერმა.
სამხრეთ აფრიკამ ისრაელს ღაზაში "გენოციდური ქმედებების" გამო მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში (ICJ) უჩივლა.
"სამხრეთ აფრიკამ სთხოვა ICJ-ს გამოიყენოს დროებითი ღონისძიება პალესტინელი ხალხის დასაცავად და უზრუნველყოს ისრაელის მიერ გენოციდის კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება – არ ჩაერთოს გენოციდში, თავიდან აიცილოს და დასაჯოს გენოციდი“, – ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მისივე ცნობით, საქმის მოსმენა 11-12 იანვარს გაიმართება. სამხრეთ აფრიკა თავისი ზეპირი არგუმენტების წარდგენას 11 იანვარს გეგმავს , ხოლო ისრაელი – 12 იანვარს.
ისრაელის მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ისრაელი წარდგება ICJ-ს წინაშე "სამხრეთ აფრიკის აბსურდული ცილისწამების გასაქარწყლებლად".
ცნობისთვის: 7 ოქტომბერს "ჰამასის" მოულოდნელ თავდასხმას ისრაელზე 1200 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 240 პირი მძევლად იქნა აყვანილი. ისრაელმა საპასუხო იერიში მიიტანა ღაზას სექტორზე, რომელსაც "ჰამასი" მართავს და სადაც 7 ოქტომბრის შემდეგ განუწყვეტელი თავდასხმების შედეგად, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 22 300 ადამიანი დაიღუპა.