Accentnews.ge
ბლინკენმა რეგიონული ტურნე თურქეთში ვიზიტით დაიწყო

ბლინკენმა რეგიონული ტურნე თურქეთში ვიზიტით დაიწყო

05/01/2024 17:28:46 მსოფლიო

დღეს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თურქეთს ეწვია.

ამერიკელი დიპლომატი შაბათს სტამბოლში შეხვედრების სერიას გამართავს. როგორც CNN იუწყება, იგი, მათ შორის თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება.

აშშ–ის სახელმწიფო დეპრატამენტის ცნობით, თურქეთის შემდეგ ენტონი ბლინკენი გაემგზავრება იორდანიაში, კატარში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, საუდის არაბეთში, ისრაელში, დასავლეთ სანაპიროზე, ეგვიპტესა და საბერძნეთში.

"ბლინკენის ტურნეს მიზანია უფრო ფართო კონფლიქტის თავიდან აცილება და ზეწოლა ისრაელზე ღაზას სექტორში "ჰამასის" წინააღმდეგ მის მიერ წარმოებულ სამხედრო კამპანიაში", – იტყობინება გამოცემა.

ისრაელსა და "ჰამასს" შორის ომის დაწყების შემდეგ – 7 ოქტომბრიდან დღემდე ეს ახლო აღმოსავლეთში ბლინკენის რიგით მეოთხე ვიზიტია.

”ჩვენ არ ველით, რომ ამ ტურნეს პერიოდში მოლაპარაკებები ადვილი იქნება. აშკარად რთული საკითხებია რეგიონის წინაშე, მაგრამ მდივანი ბლინკენი თვლის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პასუხისმგებლობაა წარმართოს დიპლომატიური ძალისხმევა ამ საკითხების გადასაჭრელად", – განუცხადა ჟურნალისტებს სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა მეთიუ მილერმა.

ცნობისთვის: 3 იანვარს ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში დრონით თავდასხმის შედეგად მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორისაა "ჰამასის" ერთ-ერთი ლიდერი სალეჰ ალ-არური.

ალ-არური ლიბანში ცხოვრობდა. "ჰამასი" აცხადებს, რომ იგი ისრაელმა მოკლა. ისრაელს ბეირუთში მომხდარ აფეთქებასთან კავშირი ოფიციალურად არ დაუდასტურებია.

ლიბანის პრემიერ-მინისტრმა ნაჯიმ მიკატიმ აფეთქებას უწოდა "დანაშაული, რომელიც მიმართულია ლიბანის ჩართვისკენ ისრაელთან კონფრონტაციის ახალ ფაზაში".

გარდა ამისა, 3 იანვარს ირანში, გენერალ ყასემ სოლეიმანის საფლავთან აფეთქებების შედეგად 100–ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ირანმა მომხდარში ისრაელი დაადანაშაულა და მას შურისძიებით დაემუქრა, თუმცა მოგვიანებით, აფეთქებებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

7 ოქტომბერს "ჰამასის" მოულოდნელ თავდასხმას ისრაელზე 1200 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 240 პირი მძევლად იქნა აყვანილი. ისრაელმა საპასუხო იერიში მიიტანა ღაზას სექტორზე, რომელსაც "ჰამასი" მართავს და სადაც 7 ოქტომბრის შემდეგ განუწყვეტელი თავდასხმების შედეგად, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 22 600 ადამიანი დაიღუპა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S