
რუსეთმა ბომბი მის მიერ ოკუპირებულ უკრაინულ ქალაქში ჩამოაგდო
08/01/2024 10:16:23 მსოფლიო
რუსმა სამხედროებმა ბომბი ჩამოაგდეს უკრაინის ლუგანსკის ოლქის ქალაქ რუბეჟნოეში, რომელიც ამჟამად რუსეთის მიერაა ოკუპირებული. ადგილობრივი დე ფაქტო ხელისუფლება ირწმუნება, რომ მომხდარის გამო არავინ დაშავებულა.
რუსეთის მიერ თავის რეგიონად გამოცხადებული ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკის“ ე.წ. მეთაურის ლეონიდ პასეჩნიკის მიერ ტელეგრამ–არხზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, „საბრძოლო ამოცანების შესრულებისას რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების თვითმფრინავიდან მოხდა საავიაციო საბრძოლო მასალის(ФАБ-250) არასაშტატო ჩამოსვლა. ტერიტორიიდან, სადაც საბრძოლო მასალა ჩამოვარდა, ადგილობრივ მცხოვრებთა ევაკუაცია განხორციელდა და ადგილზე სამაშველო სამსახურის და სამხედრო კომენდატურის წარმომადგენლები მუშაობენ".
იანვრის დასაწყისში რუსულმა თვითმფრინავმა ბომბი ჩამოაგდო რუსეთის ვორონეჟის ოლქის სოფელ პეტროპავლოვკაში, სადაც სახლები დაზიანდა და რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
დღეს დილით რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე მიიტანეს მასირებული სარაკეტო შეტევა. დაიღუპა, სულ მცირე, 2 ადამიანი და 25-ზე მეტი დაშავდა. დაზიანებულია სახლები და სამრეწველო ობიექტები.