
Reuters: ლიბანზე ისრაელის თავდასხმის შედეგად „ჰეზბოლას“ მაღალჩინოსანი დაიღუპა
08/01/2024 12:47:18 მსოფლიო
ლიბანის სამხრეთ ნაწილზე ისრაელის თავდასხმის შედეგად „ჰეზბოლას“ მაღალჩინოსანი ვისამ ალ-ტავილი დაიღუპა, – იუწყება Reuters
მისი ცნობით, იგი ჯგუფის ელიტარული ძალების "რადვანის" ქვედანაყოფის უფროსის მოადგილე იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, ტავილი და „ჰეზბოლას“ კიდევ ერთი მებრძოლი მაშინ დაიღუპნენ, როდესაც მათ ავტომობილზე სოფელ მაჯდალ სელმში დარტყმა განხორციელდა.
ცნობისთვის: ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა მწვავდება. 3 იანვარს ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში დრონით თავდასხმის შედეგად მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორისაა "ჰამასის" ერთ-ერთი ლიდერი სალეჰ ალ-არური.
ალ-არური ლიბანში ცხოვრობდა. "ჰამასი" აცხადებს, რომ იგი ისრაელმა მოკლა. ისრაელს ბეირუთში მომხდარ აფეთქებასთან კავშირი ოფიციალურად არ დაუდასტურებია.
ლიბანის პრემიერ-მინისტრმა ნაჯიმ მიკატიმ აფეთქებას უწოდა "დანაშაული, რომელიც მიმართულია ლიბანის ჩართვისკენ ისრაელთან კონფრონტაციის ახალ ფაზაში".
გარდა ამისა, 3 იანვარს ირანში, გენერალ ყასემ სოლეიმანის საფლავთან აფეთქებების შედეგად 100–ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ირანმა მომხდარში ისრაელი დაადანაშაულა და მას შურისძიებით დაემუქრა, თუმცა მოგვიანებით, აფეთქებებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
7 ოქტომბერს "ჰამასის" მოულოდნელ თავდასხმას ისრაელზე 1200 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 240 პირი მძევლად იქნა აყვანილი. ისრაელმა საპასუხო იერიში მიიტანა ღაზას სექტორზე, რომელსაც "ჰამასი" მართავს და სადაც 7 ოქტომბრის შემდეგ განუწყვეტელი თავდასხმების შედეგად, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 23 000 ადამიანი დაიღუპა.