ბენიამინ ნეთანიაჰუ: ჩრდილოეთში უსაფრთხოების აღსადგენად ყველაფერს გავაკეთებთ

08-01-2024 18:09:24 მსოფლიო

ისრაელის პრემიერ–მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჯარისკაცებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ისრაელი ჩრდილოეთში უსაფრთხოების აღსადგენად ყველაფერს გააკეთებს.

"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩრდილოეთში უსაფრთხოება აღვადგინოთ და თქვენს ოჯახებს, რადგან ბევრი თქვენგანი ადგილობრივია, სახლში უსაფრთხოდ დაბრუნების საშუალება მივცეთ. იცოდეთ, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. რა თქმა უნდა, გვირჩევნია ეს ფართო სამხედრო კამპანიის გარეშე გაკეთდეს, მაგრამ ხელს ვერაფერი შეგვიშლის. ჩვენ მათ იმის მაგალითი ვაჩვენეთ, რა ემართებათ მათ მეგობრებს სამხრეთში, მსგავსი რამ მოხდება აქ, ჩრდილოეთშიც. ჩვენ უსაფრთხოების აღსადგენად ყველაფერს გავაკეთებთ", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ცნობისთვის: ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა მწვავდება. 3 იანვარს ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში დრონით თავდასხმის შედეგად მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორისაა "ჰამასის" ერთ-ერთი ლიდერი სალეჰ ალ-არური.

ალ-არური ლიბანში ცხოვრობდა. "ჰამასი" აცხადებს, რომ იგი ისრაელმა მოკლა. ისრაელს ბეირუთში მომხდარ აფეთქებასთან კავშირი ოფიციალურად არ დაუდასტურებია.

ლიბანის პრემიერ-მინისტრმა ნაჯიმ მიკატიმ აფეთქებას უწოდა "დანაშაული, რომელიც მიმართულია ლიბანის ჩართვისკენ ისრაელთან კონფრონტაციის ახალ ფაზაში".

გარდა ამისა, 3 იანვარს ირანში, გენერალ ყასემ სოლეიმანის საფლავთან აფეთქებების შედეგად 100–ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ირანმა მომხდარში ისრაელი დაადანაშაულა და მას შურისძიებით დაემუქრა, თუმცა მოგვიანებით, აფეთქებებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

7 ოქტომბერს "ჰამასის" მოულოდნელ თავდასხმას ისრაელზე 1200 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 240 პირი მძევლად იქნა აყვანილი. ისრაელმა საპასუხო იერიში მიიტანა ღაზას სექტორზე, რომელსაც "ჰამასი" მართავს და სადაც 7 ოქტომბრის შემდეგ განუწყვეტელი თავდასხმების შედეგად, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 23 000 ადამიანი დაიღუპა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები