
Reuters: ისრაელი სირიაში საჰაერო თავდასხმების უპრეცედენტო ტალღას ახორციელებს
08/01/2024 15:57:06 მსოფლიო
ისრაელი სირიაში საჰაერო თავდასხმების უპრეცედენტო ტალღას ახორციელებს, – იუწყება Reuters ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
"თავდასხმები მიმართულია სატვირთო მანქანების, ინფრასტრუქტურისა და იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც რეგიონში ირანის მარიონეტებისთვის ირანული შეიარაღების მიწოდებაში მონაწილეობენ", – აცხადებენ წყაროები.
მათი თქმით, ისრაელი სირიაში დარტყმებს ირანთან დაკავშირებულ სამიზნეებზე ადრეც ახორციელებდა, თუმცა "ისრაელსა" და "ჰამასს" შორის 7 ოქტომბერს დაწყებული ომის შემდეგ, ეს თავდასხმები უფრო გაძლიერდა და გახშირდა.
"ისრაელი ახლა სირიაში უფრო ძლიერ და ხშირ საჰაერო თავდასხმებს ახორციელებს ირანის იარაღის გადაზიდვებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების წინააღმდეგ. პირდაპირ ბომბავს ყველას", – აცხადებენ წყაროები.
Reuters-ის მონაცემებით, სირიაში ისრელის დარტყმების შედეგად 7 ოქტომბრიდან დღემდე – 3 თვეში "ჰეზბოლას" 19 წევრი დაიღუპა, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე მთლიანობაში 2023 წელს სირიაში "ჰეზბოლას" დაღუპული წევრების რაოდენობა. ამავე პერიოდში, "ჰეზბოლას" 130-ზე მეტი მებრძოლი დაიღუპა ისრაელის მიერ სამხრეთ ლიბანის დაბომბვისას.
"ისრაელის სამხედროებმა არ უპასუხეს Reuters-ის კითხვებს სირიაში საჰაერო კამპანიის ესკალაციის შესახებ. ისრაელის მაღალჩინოსანმა, რომელიც გამოცემას ანონიმურობის პირობით ესაუბრა, თქვა, რომ "ჰეზბოლამ" ბრძოლის ეს რაუნდი ისრაელზე 8 ოქტომბრის თავდასხმებით დაიწყო და რომ ისრაელის სტრატეგია შურისძიებაა", – იტყობინება Reuters.