
ისრაელის არმია: გავანადგურეთ "ჰამასის" მებრძოლი, რომელიც სირიიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტების გაშვებაზე იყო პასუხისმგებელი
08/01/2024 19:31:22 მსოფლიო
ისრაელის არმია აცხადებს, რომ გაანადგურა "ჰამასის" მებრძოლი, რომელიც სირიიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტების გაშვებაზე იყო პასუხისმგებელი.
"ჩვენმა ძალებმა ჰასან ჰაკაშაჰის ლიკვიდაცია სირიის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ბეიტ ჯინში განახორციელეს. ჩვენ არ დავუშვებთ ტერორიზმს სირიის ტერიტორიიდან და პასუხისმგებლობას სირიას დავაკისრებთ მისი ტერიტორიიდან მომდინარე ყველა ქმედებაზე", – ნათქვამია ისრაელის არმიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
Reuters–ის ცნობით, ისრაელი სირიაში საჰაერო თავდასხმების უპრეცედენტო ტალღას ახორციელებს.
"თავდასხმები მიმართულია სატვირთო მანქანების, ინფრასტრუქტურისა და იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც რეგიონში ირანის მარიონეტებისთვის ირანული შეიარაღების მიწოდებაში მონაწილეობენ", – აცხადებენ გამოცემასთან საუბრისას ინფორმირებული წყაროები.
მათი თქმით, ისრაელი სირიაში დარტყმებს ირანთან დაკავშირებულ სამიზნეებზე ადრეც ახორციელებდა, თუმცა "ისრაელსა" და "ჰამასს" შორის 7 ოქტომბერს დაწყებული ომის შემდეგ, ეს თავდასხმები უფრო გაძლიერდა და გახშირდა.
"ისრაელი ახლა სირიაში უფრო ძლიერ და ხშირ საჰაერო თავდასხმებს ახორციელებს ირანის იარაღის გადაზიდვებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების წინააღმდეგ. პირდაპირ ბომბავს ყველას", – აცხადებენ წყაროები.
Reuters-ის მონაცემებით, სირიაში ისრელის დარტყმების შედეგად 7 ოქტომბრიდან დღემდე – 3 თვეში "ჰეზბოლას" 19 წევრი დაიღუპა, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე მთლიანობაში 2023 წელს სირიაში "ჰეზბოლას" დაღუპული წევრების რაოდენობა. ამავე პერიოდში, "ჰეზბოლას" 130-ზე მეტი მებრძოლი დაიღუპა ისრაელის მიერ სამხრეთ ლიბანის დაბომბვისას.
"ისრაელის სამხედროებმა არ უპასუხეს Reuters-ის კითხვებს სირიაში საჰაერო კამპანიის ესკალაციის შესახებ. ისრაელის მაღალჩინოსანმა, რომელიც გამოცემას ანონიმურობის პირობით ესაუბრა, თქვა, რომ "ჰეზბოლამ" ბრძოლის ეს რაუნდი ისრაელზე 8 ოქტომბრის თავდასხმებით დაიწყო და რომ ისრაელის სტრატეგია შურისძიებაა", – იტყობინება Reuters.
ცნობისთვის: 7 ოქტომბერს "ჰამასის" მოულოდნელ თავდასხმას ისრაელზე 1200 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 240 პირი მძევლად იქნა აყვანილი. ისრაელმა საპასუხო იერიში მიიტანა ღაზას სექტორზე, რომელსაც "ჰამასი" მართავს და სადაც 7 ოქტომბრის შემდეგ განუწყვეტელი თავდასხმების შედეგად, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 23 000 ადამიანი დაიღუპა.