Accentnews.ge
ბლინკენმა ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას, მათ შორის ღაზას სექტორში მშვიდობიან მოსახლეობაში დანაკარგებისთვის თავის არიდების მნიშვნელობაზე ისაუბრა

ბლინკენმა ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას, მათ შორის ღაზას სექტორში მშვიდობიან მოსახლეობაში დანაკარგებისთვის თავის არიდების მნიშვნელობაზე ისაუბრა

09/01/2024 17:29:43 მსოფლიო

ისრაელში ვიზიტად მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ქვეყნის პრემიერ–მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. ენტონი ბლინკენმა ბენიამინ ნეთანიაჰუსთან საუბარში ღაზას სექტორში მშვიდობიან მოსახლეობაში დანაკარგებისთვის თავის არიდებასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაცვას გაუსვა ხაზი.

"ნეთანიაჰუსთან საუბარში ბლინკენმა ხაზი გაუსვა ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობისადმი შემდგომი ზიანისთვის თავის არიდების მნიშვნელობას და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაცვას", - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც ისრაელის სახელმწიფო მედია წერს, განცხადება მიანიშნებს, რომ მხარეებმა ისრაელის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტის წინადადება განიხილეს, რომლის თანახმად, ისრაელი ჩრდილოეთ ღაზას სექტორში პალესტინელებს დაბრუნების უფლებას არ მისცემს, ვიდრე ყველა დარჩენილი მძევალი არ გათავისუფლდება.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ბლინკენმა და ნეთანიაჰუმ ასევე "განიხილეს დარჩენილი მძევლების გათავისუფლებისთვის მიმდინარე ძალისხმევები და ღაზაში სამოქალაქო პირებისადმი მიმავალი ჰუმანიტარული დახმარების გაზრდის მნიშვნელობა".

ახლო აღმოსავლეთში კრიზისის გამწვავების ფონზე აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა რიგით მეოთხე რეგიონული ტურნე დაიწყო. პირველი ქვეყანა, რომელსაც იგი ტურნეს ფარგლებში ეწვია თურქეთი იყო. თურქეთის შემდეგ ბლინკენი საბერძნეთს, იორდანიას, კატარს, არაბთა გაერთიანებულ საემიროებს, საუდის არაბეთსა და ისრაელს ეწვია. აშშ–ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს იორდანიაში ვიზიტის დროს მოუწოდეს, ზეწოლა მოახდინოს ისრაელზე, რათა დათანხმდეს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ღაზაში.

ბლინკენის თქმით, აშშ ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა ისრაელსა და "ჰამასს" შორის მიმდინარე ომი ღაზას ფარგლებს არ გასცდეს.

იგი ისრაელის შემდეგ დასავლეთ სანაპიროზე და ეგვიპტეში ჩავა.

ცნობისთვის: 3 იანვარს ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში დრონით თავდასხმის შედეგად მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორისაა "ჰამასის" ერთ-ერთი ლიდერი სალეჰ ალ-არური.

ალ-არური ლიბანში ცხოვრობდა. "ჰამასი" აცხადებს, რომ იგი ისრაელმა მოკლა. ისრაელს ბეირუთში მომხდარ აფეთქებასთან კავშირი ოფიციალურად არ დაუდასტურებია.

ლიბანის პრემიერ-მინისტრმა ნაჯიმ მიკატიმ აფეთქებას უწოდა "დანაშაული, რომელიც მიმართულია ლიბანის ჩართვისკენ ისრაელთან კონფრონტაციის ახალ ფაზაში".

გარდა ამისა, 3 იანვარს ირანში, გენერალ ყასემ სოლეიმანის საფლავთან აფეთქებების შედეგად 100–ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ირანმა მომხდარში ისრაელი დაადანაშაულა და მას შურისძიებით დაემუქრა, თუმცა მოგვიანებით, აფეთქებებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

7 ოქტომბერს "ჰამასის" მოულოდნელ თავდასხმას ისრაელზე 1200 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 240 პირი მძევლად იქნა აყვანილი. ისრაელმა საპასუხო იერიში მიიტანა ღაზას სექტორზე, რომელსაც "ჰამასი" მართავს და სადაც 7 ოქტომბრის შემდეგ განუწყვეტელი თავდასხმების შედეგად, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 23 000 ადამიანი დაიღუპა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S