
პროკურატურა: ბოლნისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი არასრულწლოვანის დაღუპვის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
10/01/2024 17:50:16 სამართალი
საქართველოს პროკურატურის ცნობით, უწყებამ ბოლნისის მუნიციპალიტეტში მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ორი არასრულწლოვნის დაღუპვის ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 8 იანვარს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებულ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ,,მერსედესის" და ,,ოპელის“ მარკის ავტომანქანების მძღოლებმა ვერ უზრუნველყვეს სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოდ მართვა, დაარღვიეს საგზაო მოძრაობის წესები და შეეჯახნენ ერთმანეთს, რის გამოც ერთ-ერთი ავტომანქანა გადავიდა საავტომობილო გზის გვერდულზე, სადაც ორ არასრულწლოვანს შეეჯახა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებულები ადგილზე გარდაიცვალნენ.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები 9 და 10 იანვარს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება", – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.