„საკუთარი მომავალი საკუთარი ხელით“ - ჰამბურგიდან თბილისამდე

11-01-2024 16:55:05 ,

„ჯეოქეისის“ პროექტის „საკუთარი მომავალი საკუთარი ხელით“ - რომლის მიზანია საზოგადოებას გააცნოს საქართველოში დაბრუნებული წარმატებული ახალგაზრდების ისტორია - ფარგლებში, გთავაზობთ ინტერვიუს დავით გვენეტაძესთან - ის გერმანიის წამყვან სამართლის სკოლაში სწავლის შემდეგ, დაბრუნდა საქართველოში და აგრძელებს წარმატებულ კარიერას ჩვენი ქვეყნიდან.

დავით, მოგესალმებით სასიამოვნოა თქვენთან ინტერვიუს ჩაწერა და მადლობას გიხდით ჩვენს პროექტში მონაწილეობისათვის.

დავით, თქვენ სწავლობდით მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ბუცერიუსის სამართლის სკოლაში და ცხოვრობდით გერმანიაში, ჰამბურგში, რის შემდეგაც დაბრუნდით საქართველოში.

დღეს რას საქმიანობთ?

მოგესალმებით გიორგი, მადლობას გიხდით დაკავშირებისთვის, ვიმედოვნებ სასიკეთოდ წარიმართება თქვენი ეს პროექტი და მკითხველის ყურადღებაც არ მოაკლდება.

რაც შეეხება შეკითხვას, ამჟამად ვმუშაობ საქართველოს ბანკის იურიდიულ განყოფილებაში იურისტად. სამწუხაროდ, გარკვეული დროით მომიწია კვლევების შეჩერება და აღარ ვაქვეყნებ ნარკვევებს, თუმცა იმედია ახლო მომავალშივე დავუბრუნდები ამ საქმიანობას და მკითხველს ისევ შევთავაზებ სტატიებს სამართლისა და ბიზნესის აქტუალურ საკითხებზე.

ჰამბურგში კონკრეტულად რა მიმართულებით მიიღეთ განათლება?

-ვსწავლობდი ბიზნესისა და სამართლის ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე, რომელიც აერთიანებს ბიზნესის მართვისა და კერძო სამართლის დისციპლინებს, შემუშავებულია საერთაშორისოდ ცნობილ გერმანულ სასწავლებელთან - ოტო ბიშეიმის მენეჯმენტის სკოლასთან თანამშრომლობით და ისწავლება მათი აკადემიური პერსონალის მონაწილეობით. პროგრამის ფარგლებში ისწავლება ყველა ის ძირითადი ეტაპი, რომელსაც კომპანიები გადიან დაარსებიდან განვითარების სხვადასხვა საფეხურზე გადასვლის ჩათვლით; განიხილება ეკონომიკისა და ბაზრების ტენდენციები; სავაჭრო ურთიერთობები; სხვადასხვა იურისდიქციის დარგობრივი კანონმდებლობა, სასამართლო პრაქტიკა, ბიზნესის დაწყებისა წარმოების თავისებურებები. პროგრამა მოიცავს დაწესებულებაში, ორგანიზაციაში ან კომპანიაში სავალდებულო სტაჟირებასა და სოციალურ პროექტში მონაწილეობასაც. სტუდენტებს შეუძლია ცალკეული სპეციალიზაციის არჩევა სამართლის ან ბიზნესის მიმართულებით.

რამ გიბიძგათ გესწავლათ ეს საკითხი - რა იყო ის მთავარი მოტივაცია, რამაც გადაგაწყვეტინათ ბიზნეს სამართალი სიღრმისეულად შეგესწავლათ ბუცერიუსის სამართლის სკოლაში?

-ბიზნეს სამართლით უკვე წლებია რაც დაინტერესებული ვარ, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი დარგია, რომელიც დინამიურად ვითარდება, მათ შორის, შეძლებისდაგვარად საქართველოშიც. თსუ-ს მაგისტრატურაზე სწავლის პერიოდში უფრო ჩავუღრმავდი მას, როდესაც დავიწყე საკორპორაციო და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამართლის კვლევა. სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობის, მარეგულირებელი უწყებების პოლიტიკის, კომპანიების საქმიანობის, სამეწარმეო სტანდარტებისა და სასამართლო პრეცედენტების მიმოხილვისას გამიჩნდა სურვილი ნაწილობრივ ეკონომიკა-ბიზნესის საკითხებსაც შევხებოდი და სურათი უფრო ფართო პერსპექტივიდან დამენახა; კერძო სამართლის ტენდენციებთან ერთად გავცნობოდი საბაზრო ურთიერთობებს, ბიზნესის ფორმირების და მართვის მეთოდებს, მეწარმეების პრაქტიკულ გამოწვევებს და მათი დაძლევის ალტერნატივებს. სასწავლებლის შერჩევისას აქტიურად ვეცნობოდი სხვადასხვა ქვეყნის მოწინავე უნივერსიტეტების სამაგისტრო პროგრამებს, მათ შორის პროფესიული განვითარების შესაძლებლობებსა და კურსდამთავრებულთა გამოცდილებას. ამ მხრივ ბუცერიუსის სამართლის სკოლის ბიზნესისა და სამართლის მაგისტრატურა ეხმიანებოდა ჩემს ინტერესებს, რაშიც სწავლისას უფრო მეტად დავრწმუნდი, ვფიქრობ პროგრამამ მართლაც ბევრი რამ შეგვძინა კურსდამთავრებულებს.

რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი უნარები, რაც გერმანიამ შეგძინათ და რამ მოახდინა თქვენზე ყველაზე მეტად შთაბეჭდილება ჰამბურგში ცხოვრებისას?

- ზოგადად, დეტალური აღწერის გარეშე, რომ გიპასუხოთ ესენია ბიზნესისა და კომერციული სამართლის საკითხებში ორიენტირების, რისკებისა და შესაძლებლობების შეფასების, კვლევისა და წერის რელევანტური მეთოდების გამოყენების, შემჭიდროვებულ ვადებში ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის, პრეზენტაციისა და მოლაპარაკების წარმართვის, სამიზნე ჯგუფებსა და მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციის, ასევე, სოციალიზაციის უნარები.

ჯგუფში 23 ქვეყნის 41 სტუდენტი ვირიცხებოდით, რასაც ემატებოდა ადგილობრივი და საზღვარგარეთიდან მოწვეული პროფესორებიც, ამიტომ საერთო მოლოდინი გვქონდა, რომ სწავლება მრავალმხრივ და საინტერესოდ წარიმართებოდა, რაც გამართლდა კიდეც. ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავი სხვადასხვა წარმომავლობის, კულტურის, ტრადიციების და ცოდნა-გამოცდილების მქონე ხალხთან ურთიერთობა, მათთან ერთად სწავლა და მუშაობა იყო, რაც ახალი ურთიერთობების და მეგობრობის დასაწყისი გახდა.

ჰამბურგი, როგორც გერმანიის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი და საპორტო ცენტრი ცხოვრების, სწავლისა და მუშაობისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის. ისევე როგორც, ამ ქალაქის სხვა სტუმრებს, მეც ძალიან მომეწონა ძველი და ახალი არქიტექტურის შერეულობა, სადაც ისტორიულ შენობებსა და კულტურის ძეგლებს ერწყმის თანამედროვე საცხოვრებელი, ბიზნეს და საოფისე ცენტრები; მრავლადაა მწვანე სივრცეები, აქვეა ალსტერის ტბაც სპორტისა და დასვენების მოყვარულებისთვის, ფილარმონიის შენობა, ჰამბურგის პორტი, საზღვაო მუზეუმი და მრავალი სხვა.

როგორი არის ჰამბურგული ცხოვრება?

- ჩემი დაკვირვებით, ჰამბურგში ზოგადად აქტიური და საქმიანი ყოველდღიურობაა, დღის ყველა მონაკვეთი დატვირთულია მოვლენებით, სულ რაღაც ხდება; იმართება შეხვედრები, კონფერენციები, ქალაქის გაცნობითი ტურები, მუსიკალური ფესტივალები, სპორტული მარათონები. დატვირთული რეჟიმი იყო ბუცერიუსის სამართლის სკოლაშიც, ლექციები ადრიანად გვეწყებოდა, ვასრულებდით პრაქტიკულ დავალებებს, გვიწყობდნენ იმიტირებულ პროცესებს, ერთად ვემზადებოდით შუალედური და სემესტრული გამოცდებისთვის; დროდადრო ბუცერიუსის სკოლასა და ბერლინში გასვლით შეხვედრებზე ვხვდებოდით კომპანიების წარმომადგენლებს, სადაც განვიხილავდით სტაჟირების და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს. ასევე, ვმონაწილეობდით საერთაშორისო სტუდენტურ პროექტებში/შეჯიბრებებში, სადაც ბუცერიუსის სტუდენტები უცხოელ თანაგუნდელებთან ერთად წარმატებით ვასპარეზობდით; ჩემს შემთხვევაში ეს იყო მაიამის სამართლის სკოლის მიერ ორგანიზებული პროექტი - Law Without Walls, რომელიც მრავალი ქვეყნიდან თავს უყრიდა სტუდენტებს, პრაქტიკოს იურისტებს, ეკონომისტებს, პროფესორებსა და სხვადასხვა პროფილის კომპანიის წარმომადგენლებს.

გერმანიაში თქვენ სტაჟირება გაიარეთ იურიდიულ ფირმა Brödermann Jahn. რა გავლენა მოახდინა თქვენზე ამ გამოცდილებამ?

-სწავლის პერიოდში ორჯერ გავიარე სტაჟირება ჰამბურგში მდებარე გერმანულ იურიდიულ ფირმებში - Graf von Westphalen და Brödermann Jahn Rechtsanwaltsgesellschaft mbH, სადაც ვმუშაობდი სამოქალაქო და კომერციული სამართლის საკითხებზე, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე იურისტებთან ერთად ვმონაწილეობდი კლიენტთა კომერციული ხელშეკრულებების, საჩივრებისა და შესაგებლების, სამართლებრივი დასკვნების შემოწმებასა და პროექტირებაში, კლიენტებსა და მათ წარმომადგენელ იურიდიულ ფირმებთან კომუნიკაციაში, ვაანალიზებდით გერმანიის და სხვა იურისდიქციების კანონმდებლობას, ვიკვლევდით ბიზნესისა და სამართლის პრაქტიკულ საკითხებს. სტაჟირების პერიოდში გავეცანი წარმატებული იურიდიული ფირმების ყოველდღიურ საქმიანობას, კვალიფიციური და სწრაფი სერვისის მიწოდებისთვის დროისა და რესურსების ოპტიმალურად გამოყენების საშუალებებს, საერთაშორისო ტრანზაქციების მხარდაჭერისას ხელშეკრულებების ფორმირების თავისებურებებს, პოტენციურ დავებზე რისკების შემცირებისა და მოლაპარაკების საშუალებებს. ვფიქრობ კარგი პრაქტიკული გამოცდილება დაგროვდა, რომელიც დღესაც მეხმარება პროფესიულ საქმიანობაში.

გერმანიაში წარმატებებისა და გამოცდილების დაგროვების შემდეგ, თქვენ დაბრუნდით საქართველოში და აქტიურად აგრძელებთ განვითარებას. რა პროექტებზე მუშაობდით საქართველოში დაბრუნების შემდეგ?

- საქართველოს ბანკის იურიდიული განყოფილების გუნდთან ერთად ვახორციელებ ბანკის სამართლებრივ მხარდაჭერას საკორპორაციო და საბანკო სამართლის მიმართულებებით, ყოველდღიურად ვიკვლევთ დარგობრივ კანონმდებლობასა და სტანდარტებს, ვაანალიზებთ საქართველოს ეროვნული ბანკის მითითებებსა და ინსტრუქციებს, მომხმარებელთა მომართვიანობას, საბანკო სერვისების კანონმდებლობასთან შესაბამისობის ასპექტებს და ა.შ.

როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის წინსვლისათვის, როდესაც ადამიანი, რომელმაც საზღვარგარეთ, თქვენ შემთხვევაში, ევროპაში, მიიღო განათლება და სამუშაო გამოცდილება, ბრუნდება უკან და ამ ცოდნას ახმარს საკუთარ ქვეყანას? თქვენ რამ გიბიძგათ საქართველოში დაბრუნებულიყავით?

-მიმაჩნია, რომ საზღვარგარეთ განათლების მიღება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი შესაძლებლობების შექმნისთვის, ცოდნა-გამოცდილების გაზიარებისთვის. ეს არის ერთგვარი სოციალური პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე; გაცნობიერება იმისა, რომ მიღებული ცოდნა მხოლოდ შენ არ გეკუთვნის, არამედ უნდა მოახმარო საერთო მიზნების მიღწევას, საქმეების სასიკეთოდ წარმართვას, ქვეყნის წარმატებასა და წინსვლას. დასასრულს, მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო განათლების საერთაშორისო ცენტრს, რომელმაც ასობით ახალგაზრდას მისცა უცხოეთში სწავლის გაგრძელების საშუალება; მიხარია, რომ მეც მათ რიგებში ვარ და იმედია მრავალ ახალ სტიპენდიანტს ვიხილავთ, რომლებიც თავიანთი განათლებით გააძლიერებენ ქვეყანას.

დავით, დიდ მადლობას გიხდით ინტერვიუსათვის- დიდ წარმატებებს გისურვებთ თქვენს კარიერულ გზაზე. ძალიან სასიამოვნო მოსასმენია, რომ თქვენნაირი ახალგაზრდები საზღვარგარეთ წარმატების შემდეგ საქართველოში ბრუნდებიან და საკუთარ ქვეყანას ახმარებენ ცოდნასა და გამოცდილებას.

- გიორგი, მადლობა თქვენ მოწვევისთვის, საინტერესო კითხვებისთვის. წარმატებებს გისურვებთ ყველა სასიკეთო წამოწყებაში. იმედი მაქვს არაერთი ადამიანის ისტორიას გააცნობთ საზოგადოებას, რომელიც ხელს შეუწყობს და გარკვეულწილად მიმართულებასაც მისცემს უცხოეთში სწავლისა და საქართველოში დაბრუნების მსურველებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები